ახალი ამბები

ბესელია: ჟურნალისტს არ აქვს ინდულგენცია უკანონო ჩანაწერების გავრცელებისას

10 მაისი, 2014 • • 1280
ბესელია: ჟურნალისტს არ აქვს ინდულგენცია უკანონო ჩანაწერების გავრცელებისას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

 

ჟურნალისტი რომ ფარულ ჩანაწერებს ინახავს და, ვთქვათ, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს, ჩვენ ამას ნუ ავურევთ სისხლის სამართლის იმ მუხლში, სადაც წერია, რომ უკანონო ჩანაწერების შენახვა არ შეიძლება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანონო ჩანაწერის შენახვის და გავრცელების უფლება არავის არ აქვს”


ბესელიამ აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა უკანონო ფარული ჩანაწერი, მისი ჩაბარებისთვის სამი თვის ვადა მიეცა, ხოლო ამ საკითხზე ბოლო სიტყვა პროკურატურას ეკუთვნის:


საჭიროა, რომ პროკურატურას, როგორც უფლებამოსილ და კომპეტენტურ უწყებაას, რომელსაც აქვს კანონით ვალდებულება, რომ გამოძიება ჩაატაროს, შეფასება მისცეს, ბრალდების საკითხი გადაწყვიტოს და დაადგინოს, დანაშაულის შემადგენლობა არის თუ არა, მას უნდა დავუტოვოთ საბოლოო სიტყვა, მაგრამ მე, როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ, ასევე, იმ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იხილავდა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი შარშან ამნისტიის შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იყო შემოსული, სადაც ჩავწერეთ, რომ სამი თვის ვადა მიეცემა ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს უკანონოდ განხორციელებული ფარული ჩანაწერები, ფლობს ამ ჩანაწერებს, შესაბამისად, მათ ეკისრებოდათ ვალდებულება წარედგინათ საგამოძიებო უწყებებისთვის, და თუ ამას გააკეთებდნენ, თუ არ ვცდები დეკემბრის ბოლომდე იყო ვადა, თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან”, – აღნიშნა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ისაუბრა:


“ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და მათ რომ უსმენთ, იმას რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს ძალიან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


დღეს, 10 აპრილს კი პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:


“პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს”

ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია
ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი