ახალი ამბები

“გოგო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე” – სააკაშვილის ამ მიმართვას ჩუგოშვილი მუქარად აფასებს

31 ოქტომბერი, 2018 • 3737
“გოგო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე” – სააკაშვილის ამ მიმართვას ჩუგოშვილი მუქარად აფასებს

“უკაცრავად, გოგო, აბა, ცოტა მოდი ჭკუაზე,” – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას. ამ მიმართვამდე საკააშვილმა უარყო, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელი იყო.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ჩუგოშვილის რომელ კომენტარს ეხმაურება, თუმცა თავის განცხადებაში დასძენს, რომ ხელისუფლების ცვლილება სწორედაც რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში იყო შესაძლებელი.

“შენ ხელისუფლებაში რანაირად მოხვედი, ქალბატონო ჩუგოშვილო?! მე ეგზიტპოლების გამოქვეყნებიდან 5 წუთში დავადასტურე ეს შედეგი, მერე ერთთვიანი კურსი ჩაგიტარეთ სახელმწიფოს მართვის. გადმოგაბარეთ საათივით აწყობილი სახელმწიფო მანქანა, გადმოგაბარეთ მრავალმილიარდიანი ანგარიშები, წავედი ისე, რომ პრეზიდენტის სასახლიდან არ წამიღია სუვენირები და წიგნებიც კი, და თქვენ იძახით, რომ ჩემს დროს არ ხდებოდა გადაბარება?”, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ განცხადებას თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და მისი მიმართვა მუქარად შეაფასა.

“დიახ, სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მდეც ვერ ამრგვალებდით და 102%, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა, ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდეც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო, ყველამ ვიცით”, –  წერს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ აინტერესებდა.

სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელმაც მისი განცხადება სექსიზმად შეაფასა.

თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2004 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა. თავდაპირველად ის პროექტების კოორდინატორი და საპარლამენტო მდივანი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლის ჩათვლით – ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი