ახალი ამბები

საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა – ევროკავშირის სპიკერი

30 ოქტომბერი, 2018 • 1382
საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა – ევროკავშირის სპიკერი

ევროკავშირის სპიკერი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს ეხმაურება. როგორც გავრცლებულ განცხადებაში წერია, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნები “კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული” იყო.

სპიკერი ასევე დასძენს, რომ 28 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა ქართველ ამომრჩევლებს ნების გამოხატვის რეალური საშუალება მისცა. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმართვა და მკაცრი რიტორიკა.

“ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის, მეორე ტურში, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთავარ საკითხად რჩება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სპიკერი აცხადებს, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ კვლავაც დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და წარმატებულ საქართველოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით.

“პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებას ველოდებით”, – ნათქვამია ევროკავშირის სპიკერის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი