მათივე ინფორმაციით, სამივე ბოკვერი ჯანმრთელია.
“წინა მშობიარობისგან განსხვავებით, ამჯერად სამივე ბოკვერს თავს ევლება, კარგად უვლის და აჭმევს. დიდხანს ვერ მივუდექით ფოტოებისა და ვიდეოს გადასაღებად, ძალიან ღელავდა, ბრდღვინავდა და ნერვიულობდა, ახლოს არ გვაკარებდა იმ სარკმელს, საიდანაც ვიღებთ-ხოლმე. ამიტომ დრო ვიხელთეთ და როცა საჭმელად იყო გასული, პატარები მაშინ დავაფიქსირეთ.
ცოტა არ იყოს, ვღელავდით, შეძლებდა თუ არა კლეოპატრა პატარების დაცვას მამის – სემუელისგან. ისიც ხომ იმავე ვოლიერში ცხოვრობს, სადაც ბოკვრები დაიბადნენ… მაგრამ კლეოპატრა საამაყო დედა გამოდგა. ჯერჯერობით შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას და როხროხა მამას ახლოს არ აკარებს „სამშობიარო პალატას“.
ჩვენი ლეგენდარული წყვილის – სემისა და კლეოპატრას ბოკვრების დაბადება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან თეთრი ლომი გადაშენების პირას მყოფი იშვიათი ცხოველია და დღესდღეობით ბუნებაში სრულიად გამქრალია. თეთრი ლომი მსოფლიოს მხოლოდ სამოცდაათამდე ზოოპარკში ბინადრობს, მათ შორის ჩვენთან, ამიტომ მათ გამრავლებას თბილისის ზოოპარკისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – წერია ზოოპარკის facebook გვერდზე.





