ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოში ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

6 მაისი, 2014 • • 1195
ევროკავშირმა საქართველოში ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ფოლკ გარდენში გამართულ ღონისძიებას, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა უმასპინძლა.

საელჩოს განმარტებით, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით:

კონკურსი შემდეგ საპრიზო კატეგორიებს მოიცავს:

1. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში.

2.საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი.

3. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.

4.ყველაზე ინფორმატიული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.

თითოეული ამ კატეგორიის გამარჯვებული მიიღებს პრიზს და ფულად პრემიას 3500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ “მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის” მეორე რაუნდის პირობები გამოაცხადა. ეს პრიზი სამშვიდობო თემაზე მომზადებული ნაშრომის მხოლოდ ერთ ავტორს გადაეცემა, რომლის ნამუშევარიც- იქნება ეს სტატია, ტელე/რადიო რეპორტაჟი თუ ბლოგი- საუკეთესოდ დაბალანსებულად და მიუკერძოებლად ჩაითვლება. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ერთი ავტორი 5000 ევროს ღირებულების ვაუჩერს მიიღებს, რომლის მეშვეობითაც ლონდონის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთთვიან ტრენინგს გაივლის.

ევროკავშირის პრიზის პირობების გამოცხადება – 06.05.14
ევროკავშირის პრიზის პირობების გამოცხადება – 06.05.14

“გამოხატვის თავისუფლება ადამიანის მისწრაფებების შესრულების ძირეული უფლებაა. ევროკავშირი ხელს უწყობს მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვას მთელს მსოფლიოში. ძლიერი მედია არის ინსტრუმენტი უკეთ ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მედიის სიძლიერე დაფუძნებულია სანდოობასა და რეპუტაციაზე, რომელიც პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის მაღალ სტანდარტებს ემყარება. 2011 წელს ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ ჩატარებულ პრესის თავისუფლების ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა – უკვე მესამედ, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” საშუალებას გვაძლევს ღირსეული პატივი მივაგოთ მათ, ვინც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობით აღსავსე პრესის განვითარებისთვის ზრუნავს”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

დიმიტროვი
დიმიტროვი

გამარჯვებულების ვინაობა წლის ბოლოს გახდება ცნობილი. 

2013 წელს ყველაზე ინფორმატიული ონლაინ გაზეთის ან საინფორმაციო სააგენტოს კატეგორიაში ნეტგაზეთმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილისთვის განკუთვნილი პრიზი გიორგი კიკონიშვილს გადაეცა ჟურნალ “ლიბერალში” გამოქვეყნებული ბლოგისთვის “ადამიანი, შე ჩემა”. გიორგი კიკონიშვილი ამჟამად “ნეტგაზეთის” სვეტის ავტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი