ნეტგაზეთი | “გირჩი” უფრო მაღალ შედეგსა და პარალელური დათვლის მონაცემებს ელის – ჯაფარიძე ეგზიტპოლებზე “გირჩი” უფრო მაღალ შედეგსა და პარალელური დათვლის მონაცემებს ელის – ჯაფარიძე ეგზიტპოლებზე – Netgazeti

“გირჩი” უფრო მაღალ შედეგსა და პარალელური დათვლის მონაცემებს ელის – ჯაფარიძე ეგზიტპოლებზე

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება. ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევები მეტწილად მიკერძოეულია და უფრო მაღალ შედეგს ელის.

ჯაფარიძის ცნობით, პარტია შედეგების პარალელურ დათვლასაც აწარმოებს.

“ეგზიტპოლების შედეგები სიმართლეც რომ იყოს, “გირჩისთვის” ისიც გამარჯვებაა, თუ არსებობს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, რომელიც “გირჩის” მხარდამჭერია. ეს არის ძალიან სერიოზული შედეგი, მაგრამ მგონია, რომ უფრო მაღალი შედეგიც გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ პარალელურ დათვლას, უბნების, დაახლოებით 10%-მდე უბნები გვაქვს მოცული საკუთარი წარმომადგენლებით. შეგროვდება ოქმები, გავაკეთებთ პარალელურ დათვლას და შევადარებთ “ცესკოს” შედეგებს. ველოდებით უფრო მეტს, ვიდრე ამ ეგზიტპოლების შედეგებით გამოჩნდა”, – თქვა მან.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამი ეგზიტპოლი გამოქვეყნდა. კვლევები “ქართული ოცნების”, “რუსთავი2”-ისა და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარდა.

მმართველი პარტიის მონაცემებით, ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს, “რუსთავი2”-ის მიხედვით, ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს თანაბარი შედეგი აქვთ, “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლით კი, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.

სამივე ეგზიტპოლის შედეგები ერთად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან