ახალი ამბები

პრეზიდენტს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ვეტოს დადების თხოვნით მიმართეს [ვიდეო]

6 მაისი, 2014 • • 1016
პრეზიდენტს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ვეტოს დადების თხოვნით მიმართეს [ვიდეო]

აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 13:00 საათზე დაიწყო, რომელზეც 50-მდე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეებმა გუშინ სამების ეკლესიაში მიღებულ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც, მათი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა გადასცენ.

 

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს მიმართეს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვეტო დაადოს და პარლამენტს დამატებითი განხილვისთვის გადაუგზავნოს. 

 

დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ მღელვარება გამოიწვია ქვეყანაში, რადგან, როგორც იგი ამბობს, “არ შეიძლება უკანონობის დაკანონება“.

 

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მესამე და საბოლოო მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა 114 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.

 

კანონპროქტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორინეტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია. კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ანტიდისკრიმინაციული კანონი გააპროტესტეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ანტიდისკრიმინაციული კანონი გააპროტესტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი