კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი ლიკა საჯაია “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი შეიცავს 1437 მუხლს, რომელიც გარკვეული პროფესიის ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების,  პროფესიული საიდუმლოების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს: 

 

“სასულიერო პირის, ექიმის, ჟურნალისტის, ადვოკატის იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო საქმიანობა არ შეიძლება ჩატარდეს, თუკი ამითი მოპოვებული იქნება მისი პროფესიული საქმიანობისა და სასულიერო მოღვაწეობის დროს განხორციელებული და კანონით დაცული ინფორმაცია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პროფესიული საიდუმლოება”,- ამბობს ლიკა საჯაია. 

 

ლიკა საჯაია

კანონპროექტის ავტორებმა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ჩამოთვლილი ის პროფესიები შეარჩიეს, რომელთა პროფესიული საქმიანობა საიდუმლოა.

 

ლიკა საჯაია განმარტავს, რომ როდესაც ჟურნალისტს, ადვოკატს აქვს უფლება, რომ სასამართლო პროცესზე პროფესიული საიდუმლოება არ გათქვას, არ უნდა არსებობდეს კანონში “ხვრელები”, რომლითაც ეს ინფორმაცია იქნება მოპოვებული ფარული საგამოძეიბო მოქმედებების შედეგად.

 

კანონპროექტის თანაავტორი ამბობს, რომ აღნიშნული ნორმა დადებითად შეაფასეს ევროსაბჭოს ექსპერტებმა თავიანთ დასკვნაში, როგორც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

“რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, სამუშაო კაბინეტში როგორ საუბრობენ ტელეკომპანიის მენეჯერები,” – ამბობს საჯაია, – “ამ შემთხვევაში ეს არის მათი პროფესიული ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც იქნება შეუძლებელი ამ კანონის მიღების შემდეგ”.

 

“მომავალში უფრო მეტად იქნება მედია დაცული ამ ნორმის წყალობით, რადგან სასამართლოც იქნება შეზღუდული, არ გასცეს ნებართვა იმ მოსმენებზე, რომელიც პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება”, – განმარტავს იურისტი.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს დილით სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან გამოაქვეყნა ორი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია კომპანიის მენეჯერების მუშაობის პროცესი.  

 

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს.

 

ფარული

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას – “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ”, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დარეგულირდება ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები.

 

აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, შსს აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რადგან ამ უწყებას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო მოსმენები ერთდროულად 20 ათასზე მეტ აბონენტზე და ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.

 

წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში საჯაროდ განადგურდა. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ამ მანკიერ პრაქტიკაზე, თუმცა პარლამენტში უკვე თითქმის ერთი წელია წარდგენილია კანონი, რომლითაც ეს საკითხები დარეგულირდება. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *