ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მთლიანობაში, მე მოსმენების წინააღმდეგი ვარ

6 მაისი, 2014 • • 1130
კვირიკაშვილი: მთლიანობაში, მე მოსმენების წინააღმდეგი ვარ

“სანამ პოლიტიკური შეფასება გაკეთდება, უნდა იქნას ეს საქმე გამოძიებული, მთლიანობაში, მე მოსმენების წინააღმდეგი ვარ, ახლა, ამ შემთხვევაში კი გამოსაძიებელია და კომენტარები მერე უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა 6 მაისს, დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი. გვარამიას თქმით, წარმოდგენილი მასალები 2013 წლის ივნისშია ჩაწერილი. მისივე განცხადებით, წყარომ, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, მაგრამ აკონკრეტებენ, რომ იგი მომდინარეობს შსს-დან, ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს 100-მდე ფაილი, რომელიც არა მხოლოდ “რუსთავი 2”-შია ჩაწერილი.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას – “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ”, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დარეგულირდება ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები. აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, შსს აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რადგან ამ უწყებას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო მოსმენები ერთდროულად 20 ათასზე მეტ აბონენტზე და ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.

 

წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში საჯაროდ განადგურდა. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ამ მანკიერ პრაქტიკაზე, თუმცა პარლამენტში უკვე თითქმის ერთი წელია წარდგენილია კანონი, რომლითაც ეს საკითხები დარეგულირდება, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას დღემდე აჭიანურებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი