ახალი ამბები

ზვიად ქორიძე: შსს–ში არიან ადამიანები, რომლებიც ისევ აგრძელებენ უკანონო თვალთვალს

6 მაისი, 2014 • • 1174
ზვიად ქორიძე: შსს–ში არიან ადამიანები, რომლებიც ისევ აგრძელებენ უკანონო თვალთვალს

“მთავრობამ და საგამოძიებო ორგანოებმა დროულად უნდა დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტზე ისე, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ის კადრები, რომელიც “რუსთავი 2″–ის მენეჯმენტმა გაავრცელა, უკვე არის კითხვის ნიშნების შემცველი. გამოძიებამ დროულად უნდა წარმართოს პროცესი, დროულად უნდა გაირკვეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შსს–ში ხდება და, ბუნებრივია, ამიტომაც მოვამზადეთ კანონპროექტები, ამიტომ ვმუშაობათ, ამიტომ წარვმართეთ “ეს შენ გეხება”, რომ ეს, პრაქტიკულად, ისევ გრძელდება. შსს–ში არიან ადამიანები, რომლებიც ისევ აგრძელებენ უკანონო თვალთვალს. მეტიც, შემდგომ ამ უკანონოდ მოპოვებული მასალების გარეთ გამოტანა ხდება, სულერთია, რა მოტივაციით. ეს თავისთავად არის ქართული საზოგადოების სტაბილურობისთვის და სახელმწიფოებრიობისათვის საკმაოდ დამანგრეველი პროცესი, ამიტომ დღეს მთავრობას ევალება, რომ დროულად წარმართოს ეს გამოძიებიება”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი
ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა 6 მაისს, დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი. გვარამიას თქმით, წარმოდგენილი მასალები 2013 წლის ივნისშია ჩაწერილი. მისივე განცხადებით, წყარომ, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, მაგრამ აკონკრეტებენ, რომ იგი მომდინარეობს შსს-დან, ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს 100-მდე ფაილი, რომელიც არა მხოლოდ “რუსთავი 2”-შია ჩაწერილი.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას – “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ”, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დარეგულირდება ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები. აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, შსს აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რადგან ამ უწყებას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო მოსმენები ერთდროულად 20 ათასზე მეტ აბონენტზე და ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.

 

წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში საჯაროდ განადგურდა. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ამ მანკიერ პრაქტიკაზე, თუმცა პარლამენტში უკვე თითქმის ერთი წელია წარდგენილია კანონი, რომლითაც ეს საკითხები დარეგულირდება, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას დღემდე აჭიანურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი