ახალი ამბები

თამარ რუხაძე: “რუსთავი 2”-ის გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

6 მაისი, 2014 • • 2255
თამარ რუხაძე: “რუსთავი 2”-ის გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

თამარ რუხაძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ, თუ როგორ და ვინ გადაიღო აღნიშნული ვიდეოები და როგორ გავრცელდა ეს ვიდეოები შსს-დან – “ერთ-ერთი დაცული სტრუქტურიდან”.

 

“ინფორმაცია, რაც მაქვს, შეშფოთების და შეწუხების საფუძველს იძლევა. ამავე დროს ძალიან ცალსახა და ამომწურავი დასკვნების საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს, რადგან კიდევ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან სასწრაფოდ უნდა იყოს ამაზე რეაგირება”,- გვითხრა თამარ რუხაძემ.

 

თამარ რუხაძე
თამარ რუხაძე

თამარ რუხაძე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დღეს დილით შეხვდა. ნიკა გვარამიას აქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ასამდე ვიდეო და აუდიოჩანაწერი ინახება, რომლებზეც ასახულია არა მხოლოდ “რუსთავის 2”-ის წარმომადგენლები, არამედ ქვეყანაში მოღვაწე სხვა პროფესიის ადამიანები – პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თუმცა, თამარ რუხაძის ცნობით, მას არა აქვს ინფორმაცია, გამოაქვეყნებს თუ არა მათ ტელეკომპანია ამ მასალებს.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს დილით სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამოაქვეყნა ორი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია კომპანიის მენეჯერების მუშაობის პროცესი. გვარამიამ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი