ზაზა სარალიძეს, რომელიც ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.
ლონდარიძის ცნობით, სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“ბრალდების ძირითადი ფორმულირება აგებულია არასწორ ფაქტებზე. რასაც არ ვეთანხმებით. საპატიმრო ღონისძიება მოხსნილია, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი კვლავ რჩება საავადმყოფოში”, – წერს ლონდარიძე პირად ფეისბუკგვერდზე.
ზაზა სარალიძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.
ზაზა სარალიძის შვილი დავით სარალიძე 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. მას შემდეგ ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების გამოვლენასა და დასჯას უშედეგოდ ითხოვს. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ამის გაკეთება. სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ღია ცის ქვეშ მართავს. მას სამართალდამცავები რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ. სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ აკრძალვით შსს კონსტიტუციას არღვევს. ინციდენტი, რომლის შემდეგაც სარალიძე დააკავეს, სწორედ პოლიციის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლას მოჰყვა.