ახალი ამბები

აშშ-ში საეჭვო ამანათების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს – მას 58 წლით პატიმრობა ემუქრება

26 ოქტომბერი, 2018 • 2001
აშშ-ში საეჭვო ამანათების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს – მას 58 წლით პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს ადამიანი, რომელიც დონალდ ტრამპის კრიტიკოსებისა და ტელეკომპანია CNN-სათვის, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ აშშ-ის თავარმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დაკავებული 56 წლის ცეზარ საიოკია, რომელიც ფლორიდიდანაა და კრიმინალური წარსული აქვს. ის პარასკევს დილით სამხრეთ ფლორიდაში, ერთ-ერთ პლანტაციაში აიყვანეს. როგორც CNN-ის წყაროებმა აცნობეს, საიოკის ამოცნობაში გამომძიებლებს მისი დეენემი დაეხმარათ, რომელიც აღმოჩნდა როგორც ერთ-ერთ ამანათზე, ისე მის მობილურ ტელეფონზე.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ გამოძიება 5 მუხლით მიმდინარეობს. ესენია: ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანსპორტირება შტატებს შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არალეგალური გაგზავნა, საფრთხის შექმნა ყოფილი პრეზიდენტებისა და სხვებისთვის, საფრთხის შექმნა შტატებს შორის კომუნიკაციისათვის, თავდასხმა მოქმედ და ყოფილ ფედერალურ ოფიცრებზე.

ყველა ზემოაღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საიოკს 58 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურორმა სეშენსმა არ გამორიცხა, რომ გამოძების მიმდინარეობისას ბრალდებები შეიცვალოს ან გაფართოვდეს.

გასული 5 დღის მანძილზე, დემოკრატებისა და დონალდ ტრამპის კრიტიკოსების სახელზე სულ 12 საეჭვო ამანათი გაიგზავნა. ჩამონათვალი ასეთია:

მილიარდელი ჯორჯ სოროსი – ერთი ფუთა გაიგზავნა მის სახლში, ნიუ იორკში. იპოვეს საფოსტო ყუთში.

ჰილარი კლინტონი – ერთი ფუთა იგზავნებოდა მის სახლში, ნიუ იორკში, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა ამანათი შეაჩერეს.

ბარაკ ობამა – ერთი ფუთა იგზავნებოდა ვაშინგტონში, ყოფილი პრეზიდენტის სახელზე, თუმცა ამანათი ასევე შეაჩერეს საიდუმლო სამსახურებმა, მონიტორინგის დროს.

ყოფილი მთავარი პროკურორი ერიკ ჰოლდერი – ამანათი მის სახელზე იყო გაგაზავნილი, თუმცა მივიდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრის, დემოკრატ დები ვესერმენ შულცის ოფისში, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს.

წარმომადგენელთა პალატის წევრი, დემოკრატი მაქსიმ უოთერსი – მის სახელზე ორი ამანათი გაიგზავნა: ერთი აღმოაჩინეს მერილენდში, გზავნილების მონიტორინგისას, მეორე კი- ლოს ანჯელესის ფოსტაში.

CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი – “ასაფეთქებელი მოწყობილობა”, როგორც ის ნიუ იორკის პოლიციის კომისარმა შეაფასა, CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელის სახელზე იყო, კურიერმა კი ის ნიუ იორკში, Time Warner Center-ში მიიტანა, სადაც CNN-ის ოფისი მდებარეობს.

მსახიობი რობერტ დე ნირო – ამანათი გაიგზავნა მის კომპანიაში, რომელიც ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. გზავნილი სხვა ზემოაღნიშნულ ამანათებთან მსგავსებებით ხასიათდებოდა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი – მის სახელზე გაგზავნილი ორი ამანათი შეაჩერეს დელავერში, ფოსტის ოფისში.

დემოკრატი სენატორი კორი ბუკერი – საეჭვო ამანათი ნიუ ჯერსიში მდებარე სენატორის ოფისში იგზავნებოდა. ის ფლორიდაში შეაჩერეს.

ეროვნული დაზვერვის ოფისის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლაპერი – ამანათზე, მისამართის გრაფაში მითითებული იყო კლაპერის სახელი, მისამართად კი კვლავ CNN-ის ოფისი ნიუ იორკში.

გამოძიების პროცესშია კიდევ ორი ამანათი, რომელიც პარასკევს, 26 ოქტომბერს იპოვეს: საეჭვო გზავნილი დემოკრატი სენატორის, კამალა ჰარისისა და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთიი მთავარი დამფინანსებლის, ტომ სტეიერის სახელზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარი ფაქტები დაგმო და საზოგადოებაში არსებული ბრაზი მეინსტრიმული მედიის “ცრუ გაშუქებას” დააბრალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი