ახალი ამბები

პრაქტიკულად უმოქმედო პარტიას ერთ წლიწადში ახალი ხალხით შევავსებ – ივანიშვილი

26 ოქტომბერი, 2018 • 3470
პრაქტიკულად უმოქმედო პარტიას ერთ წლიწადში ახალი ხალხით შევავსებ – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთი წლის განმავლობაში პარტიას ახალი სახეებით შეავსებს და “ვერტიკალს გაამყარებს”.

“ჩემი მიზანი დაბრუნების გახლავთ ის, რომ დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული. ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი. გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი, ხშირად მარჯვენამ არ იცოდა, მარცხენა რას აკეთებდა. ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა, დემოკრატიული მეთოდებით ღარიბი სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ძალის გამოყენების უფლება – ძალიან მოკლე ფილოსოფიურ განმარტებას გაძლევთ. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას შეიძლება სახლემწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად, ძალის გამოყენებითაც, თითქოს იკარგებოდა “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრისას და ამის მაგალითად ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის შემთხვევა დაასახელა, რომელიც გადასახადებს არ იხდის.

ივანიშვილის თქმით, ამ სიტუაციას გამკლავება სჭირდება, თუმცა ისე, რომ დემოკრატიული პრინციპები არ დაირღვეს.

“ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან ძლიერი ვერტიკალი, კარგი მენეჯმენტი, უფრო გასუფთავებული შერჩევა ლიდერების და სინქრონიზაცია გუნდში. პარტიას, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში ახალი ხალხით შევავსებ. ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება უხეში ილუზია, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ააყირავონ”, – დასძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი