ახალი ამბები

გამოქვეყნებულ ჩანაწერს ალასანია და სააკაშვილი ფაბრიკაციას უწოდებენ

25 ოქტომბერი, 2018 • 2407
გამოქვეყნებულ ჩანაწერს ალასანია და სააკაშვილი ფაბრიკაციას უწოდებენ

ერთ-ერთმა უკრაინულენოვანმა ვებგვერდმა დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, როგორც თავად ირწმუნებიან, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ საქართველოში სიტუაციის დაძაბვასა და რევოლუციურ სცენარზე.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, საუბარი ასევე ეხება წინასაარჩევნო კამპანიას. საუბრის ბოლოს, უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, თემურ ალასანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობაში ფულს გადაიხდის. აუდიოჩანაწერს თან ერთვის მინაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ ეს ჩანაწერის მხოლოდ ნაწილია და უკრაინულ ვებგვერდს სხვა ჩანაწერებიც აქვს.

როგორც თემურ ალასანია ამბობს, ჩანაწერი დამონტაჟებულია. მეტიც, ალასანია ირწმუნება, რომ საუბრის მსგავსი სტილი არ ახასიათებს. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერში სხვისი ხმა ისმის.

“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება, და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და, მით უმეტეს, ტელეფონით. და მეორე, ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვალია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს,” – თემურ ალასანიას ამ კომენტარს ფეისბუქზე მისი ცოლი, ქეთინო ალასანია ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილი აზიარებს.

გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ტყუილს უწოდებს. აუდიოჩანაწერში, რომელიც, გამომქვეყნებელი საიტის ცნობით, თითქოს სააკაშვილი და ალასანია საუბრობენ, რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამიაც არის ნახსენები.

“მონტაჟს+სხვადასხვა (უკვე გამოქვეყნებული საუბრების) კომპილაცია+სინთეზური ხმა”, – ასე აფასებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ჩანაწერს. ტელეკომპანიის დირექტორი აუდიომასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ “ფაბრიკაციას” უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი