ახალი ამბები

კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს განმარტება საკანონმდებლო ცვლილებებზე

1 მაისი, 2014 •
კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს განმარტება საკანონმდებლო ცვლილებებზე

საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  


“მიმდინარე წლის 11 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოში შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო პარლამენტის იურიდიული კომიტეტში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესწავლა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ განხორციელდა ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ყოველმხრივი ექსპერტიზა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო უსაფრთხოების რისკების ანალიზს, ასევე, უცხოელი ექსპერტების დასკვნების და აღნიშნული სფეროს რეგულირების პრაქტიკის შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალელურად, სახელმწიფო უსართხოებისა და კრიზისების საბჭოს აპარატის თანამშრომლები ჩართული იყვნენ ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ფართო საზოგადოებრივ განხილვებში. ამავე დროს, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, ორგანიზებული იყო მოსაზრებების გაცვლა და კანონპროექტთა პაკეტის დეტალური დისკუსიები.

 

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გაწეული მუშაობის შედეგად შემუშავებული იქნა შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები, რომელიც 23 აპრილს მიწოდებული იქნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტისათვის. ამ ეტაპზე კომიტეტთან შეთანხმებულია პრინციპული საკითხების უდიდესი ნაწილი.” 


“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კაპანია”, – ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიას.


 

პრემიერის განცხადებით, ორი თვის წინ მისი დავალებით შექმნილმა ჯგუფმა იმ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მოსმენების საკითხს ეხება, მათ მუშაობა დღეს დაასრულეს და კანონპროექტი პარლამენტში გასაგზავნად მზადაა:

 

 

 

“სწორედ ჩემი დავალებით, ორი თვის წინ დაახლოებით, მე დავავალე ჩემს მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ მინდია ჯანელიძეს, რომელიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, აღნიშნული კანონპროექტის, ანუ იმ კანონპროექტის, რომელზეც ამხელა კამპანიაა აგორებული, ამ კანონპროექტის დამუშავება. მე შეგნებულად ეს კანონპროექტი გამოვიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შევქმენით საკოორდინაციო ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საბჭოში. ამ კანონპროექტზე მუშაობა გუშინ დასრულდა, პარლამენტი იყო აქტიურად ჩართული, შესაბამისი კომიტეტი და, შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასრულებული სახით გადავუგზავნოთ პარლამენტს, რომ ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეძლებისდაგვარად იქნას მიღებული”



მასალების გადაბეჭდვის წესი