მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის კონტრბრალდებებს პასუხობს. ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ლიდერის ყველა სიტყვა მათ კავშირებზე და ფულით ვაჭრობაზე იყო სიცრუე.
“ყველა სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო სიცრუე: თითქოს მე მივედი მასთან პოლიტიკურ საქმეზე სალაპარაკოდ, ეს იყო სიცრუე; თითქოს მე და ჩემი მეუღლე მივედით მასთან, ეს იყო სიცრუე. ჩვენ მასთან ერთად არასდროს მივსულვართ. მერე ჩემი მეუღლე მივიდა და მოსთხოვა თურმე მას თანხა, ეს იყო სიცრუე. უნდა ჩამოყალიბდეს; იმ დროს მთავაზობდა 50 მილიონს, ახლა რატომღაც დამაქვეითა ძალიან და 10 მილიონს ამბობს, მერე 2 მილიონზე ჩამოვა. ფაქტი ერთია – მან აღიარა, რომ მისგან თანხა არ მიმიღია. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომაც ვერ ვარ თავისუფალი”, – განუცხადა რუსთავი 2-ს პაატა ბურჭულაძემ.
მომღერლისა და ყოფილი პოლიტიკოსის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დამღუპველია საქართველოსთვის:
“ის ცრუობს ახლა, მაგრამ მას შეუძლია ძალიან დიდი ტრავმა მოგვაყენოს მთელ ქვეყანას იმიტომ, რომ, ღმერთმა არ ქნას, გაყალბების გზით სალომე ზურაბიშვილის მაინც გახადოს პრეზიდენტი.”
- პაატა ბურჭულაძემ 25 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე პრეზიდენტობა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა კარიერისა და მაღალანაზღაურებადი სპექტაკლების გამო, რის შემდეგაც ქართული ოცნების ლიდერმა მას ფინანსური უზრუნველყოფაც შესთავაზა. ივანიშვილმა ბურჭულაძის სწორედ ამ ბრალდებებს უპასუხა გუშინდელ ინტერვიუში.