ახალი ამბები

ომბუდსმენი თანამდებობის პირებს NGO-ების მიმართ დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

24 ოქტომბერი, 2018 • 1208
ომბუდსმენი თანამდებობის პირებს NGO-ების მიმართ დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი სახელმწიფო თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში არის ნათქვამი, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას ახსენებს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რასაც გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად უწესებენ.

“ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით იხელმძღვანელოს.

სახალხო დამცველი 23-25 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემატიკაც არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს ეხმიანება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას და კოლეგებთან ერთად განიხილავს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლს მათი მხარდაჭერის და გაძლიერების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი