ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაური არ არის სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი

24 ოქტომბერი, 2018 • 1776
ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაური არ არის სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის მიმართ.

ივანიშვილის თქმით, ეკა გიგაური უარს ამბობს გამოცხადდეს სასამართლოში, სადაც სარჩელი თავადვე შეიტანა.

“სხვათა შორის, სასამართლოში არ ცხადდება ეკა გიგაური. მანვე შეიტანა სარჩელი და დაჟინებით არ მიდის. იქ უმტკიცებენ სხვა რამეს, რომ კაპიტანიც იყო და 7 ნოემბერშიც მონაწილეობდა და სასამართლოში არ გამოცხადდა რამდენჯერმე. ეკა გიგაური არ არის ეტალონი და საუკეთესო წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების. სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და მათ შორის, ირაკლი კობახიძემაც კარგად იცის სამოქალაქო საზოგადოების ფასი და აზრი, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თუ დღევანდელი წევრები გინდათ ამ ნაწილში წარმოაჩინოთ, ეს ის არ არის. ესენი ჩვეულებრივად არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას არასამთავრობო სექტორისადმი, ივანიშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა ირაკლი კობახიძეს “არ ეხმარა სიტყვები ფაშისტი და სხვა გამონათქვამები”, თუმცა ეს აბსოლუტურ თანხვედრაში მოდიოდა ნიკა გვარამიას საქციელთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი