ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ბურჭულაძე 9 მილიონს სთხოვდა “ოცნების” მხარდაჭერისთვის

24 ოქტომბერი, 2018 • 2067
ივანიშვილის თქმით, ბურჭულაძე 9 მილიონს სთხოვდა “ოცნების” მხარდაჭერისთვის

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძეს სთხოვა “ქართული ოცნების მხარდაჭერა”, თუმცა უარყო ბურჭულაძის მონათხრობის სხვა დეტალები მათი შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ 9 მილიონი მოსთხოვა.

2018 წლის სექტემბერში პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა კარიერისა და მაღალანაზღაურებადი სპექტაკლების გამო, რის შემდეგაც ქართული ოცნების ლიდერმა მას ფინანსური უზრუნველყოფაც შესთავაზა.

ივანიშვილმა ბურჭულაძესთან შეხვედრის მისეულ ვერსიაზე იმედის, ტვ პირველის და რუსთავი2-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა მას შემდეგ, რაც “იმედის” წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ჰკითხა, სთავაზობდა თუ არა პაატა ბურჭულაძეს თანხას პოლიტიკაში მოსვლისათვის.

ივანიშვილმა ჯერ თქვა, მიმაჩნია, ორი კაცის საუბარი ოფისში, რომელიც საჯარო არაა და გამოაქვთ, უკულტურობის შემცველიაო, თუმცა თავისი და ბურჭულაძის საუბრის დეტალებზე მაინც ისაუბრა.

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ბურჭულაძეს შესთავაზა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა, თუმცა არ დაადასტურა ბურჭულაძის მონათხრობის სხვა დეტალები.

“გაშუქდა ჩემი შეხვედრა ჩემივე ინიციატივით ბურჭულაძესთან. როდესაც მას [პირველად] შევხვდი, მართლაც შევთავაზე მხარდაჭერა “ქართული ოცნების”, ახალი მოსული როდესაც ვიყავი პოლიტიკაში. მან ამაზე მიპასუხა, რომ უნდა, სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლიერებით შევაფასე. გამოვედით და საჯაროდაც გავაკეთე განცხადება, რომ მას არ სურს [პოლიტიკაში წამოსვლა] და მე ამას მივესალმები; რომ ის რჩება და ეს ღირსეულია და უნდა იყოს სცენაზე”.

ივანიშილის თქმით, ამის შემდეგ ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად ესტუმრა და უთხრა, რომ “გარკვეული პირობების შემთხვევაში” თანახმა იქნებოდა, მათი თანაგუნდელი გამხდარიყო.

“მან დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რაზეც ვუთხარი, “რას ნიშნავს ეს”….

ყოფილი პრემიერის თქმით, მან ბურჭულაძეს შესთავაზა, დარჩენილიყო სცენაზე და ისე დაეჭირა “ოცნებისთვის მხარი”, რაზეც ბურჭულაძემ უარი უთხრა, არ შემიძლიაო.

“ასეთ შემთხვევაში მე მივანიშნე, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ჰონორარზე და ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე, ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და მოღვაწეობითაც. შევახსენე მისი ჰონორარიც, რაც არც დაუმალავს, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება-მეთქი, რომ სცენაზე დარჩე, რომ ამხელა ფული აიღო. და დავითვალეთ კიდეც ორივემ ერთად ნახევრად ხუმრობით. მილიონს ვერ გავცდით. კაი, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ორი მილიონი იყოს, და ამით დავასრულეთ საუბარი”.

“მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს [სავარაუდოდ, ანგარიშის ნომერს], “ორ მილიონს ხომ გვაძლევ, აი, გადაიხადე, ორ მილიონს ხომ დაგვპირდი”. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამე არ მითქვამს, უბრალოდ შეფასებაში ვიყავით-მეთქი. და ეს ანგარიშიც დატოვა, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, არა-მეთქი, ასეთი სურვილი არ გამაჩნია”.


პაატა ბურჭულაძემ სექტემბერში განაცხადა, რომ ივანიშვილმა მასთან საუბარში მაგალითად მოიყვანა კახა კალაძე, რომელსაც “8 მილიონი ლარი მისცა ბანკისთვის”.

“ფინანსებზე თუა საუბარი, მაგი პრობლემა არ არისო. აგერ, კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვის და აი, კახი ახლა კარგად არისო… აქ დაჰკრა ზარმა! კახის პიროვნება და წარსული იყო მაშინ ივანიშვილის პირველი ავტორიტეტი და მას ეყრდნობოდა. უცებ თვითონ აიღო და ასეთი რამე მითხრა მასზე. მე როგორ შევეკითხებოდი, ფული ხომ არა გაქვთ ვინმესთვის გადახდილიო.

სხვათა შორის, მეორე დღეს ჩემს მეუღლეს უთხრა, 5 მილიონი მივეცი კახი კალაძესო. რა შუაში იყო საერთოდ ჩემი მეუღლე კახი კალაძესთან? რატომ მოუყვა ივანიშვილმა კახის ამბავი? ეს გაუგებარი იყო, მაგრამ მერე მივხვდი… მიუხედავად იმისა, რომ კახი მათ გუნდშია, მე კახის ძალიან დიდ პატივს ვცემ და კიდევ რამდენიმე ადამიანს მთელ ოცნებაში, რომლებსაც კიდევ შეიძლება ჰქონდეთ შანსი, კაცურად გამოვიდნენ იქიდან. შეიძლებოდა 10 მილიონიც მიეცა, 20 მილიონიც და 30 მილიონიც, არაფერი იქნებოდა ამაში დარღვევა, მაგრამ მე რატომ მიყვებოდა ამას?

მაშინ მივხვდი და დღეს უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ადამიანს აფასებს ლარში და დოლარში, თუ რამდენად შეიძლება მისი ყიდვა; გიყურებს და გთავაზობს რაღაც თანხას… თუ არ თანხმდები, უფრო მეტს გთავაზობს, მერე უფრო მეტს და მაინც თუ არ დათანხმდები, ბოლოს ხდები მისი საშვილიშვილო მტერი”, – თქვა ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი