ახალი ამბები

მცდელობას არ დავაკლებთ, რომ “რუსთავი 2”-ში განსხვავებული აზრი შევიდეს – ივანიშვილი

24 ოქტომბერი, 2018 • 2118
მცდელობას არ დავაკლებთ, რომ “რუსთავი 2”-ში განსხვავებული აზრი შევიდეს – ივანიშვილი

ექსპრემიერი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად ერთ წელიწადში, გაძლიერებული მენეჯმენტით, მოახერხებს, “ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში, მათ შორის, “რუსთავი 2″-ის როლსაც”.

ასევე, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის გამოსწორებას ჰპირდება “ოცნების” განაწყენებულ მხარდამჭერებს, რომლებსაც გუნდში სათანადო ადგილი არ უკავიათ.

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თავისი შესატყვისი შეფასება და ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. ამ პროცესს მივაღწევთ ძალიან სწრაფად. ამას ვპირდები მე ჩვენზე განაწყენებულ მხარდამჭერებს, რომლებსაც ვერ გავუმართლეთ და არ იციან, სად წავიდნენ და ვის მისცენ ხმა. გაძლევთ პირობას, რომ ყველა დაჩაგრული, რომელიც განიცდის, რომ არაღირსეულად, არასწორ ადგილზეა, რომ ვერ მოხვდა გუნდში… ამას ყველაფერს აღვადგენთ. ამ ქალბატონსაც [ეკა კვესიტაძეს] ექნება თავისი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში, არ იფიქროს, რომ ვემუქრები, მაგრამ “რუსთავი 2”-ს აღარ ექნება საშუალება, მოახერხოს, რომ განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში, ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ამასაც შესატყვის პასუხს გავცემთ. მცდელობას არ დავაკლებთ, რომ “რუსთავი 2″-ში განსხვავებული აზრი შევიდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, მისი ნათქვამი არ უნდა იქნას გაგებული როგორც მუქარა ტელევიზიისადმი. ექსპრემიერის თქმით, მან იგულისხმა მონიტორინგის ჩატარება სიცრუის ტირაჟირების შესახებ.

“ღმერთმა დამიფაროს “რუსთავი 2”-ში შესვლისგან. ჩავატარებთ რეიტინგს და ვაჩვენებთ, რომ “რუსთავი 2″-ში განსხვავებული აზრი არ შედის და თუ ისინი ამას არ გაითვალისწინებენ, საზოგადოება გაიგებს, რომ ეს არის სიცრუის ტელევიზია”, – დასძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი