ახალი ამბები

გეფიცებით, ვერ ვიხსენებ — ივანიშვილი 2016 წლის ფარულ ვიდეოჩანაწერებზე

23 ოქტომბერი, 2018 •
გეფიცებით, ვერ ვიხსენებ — ივანიშვილი 2016 წლის ფარულ ვიდეოჩანაწერებზე

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ვერ იხსენებს 2016 წელს გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების კადრები ჩანდა.

რუსთავი2-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ასეთი კითხვა დაუსვა ივანიშვილს:

“2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი საზარელი ვიდეოკადრები რომ გამოქვეყნდა, რომელშიც ფიგურირებდნენ [საჯარო პირები]”…

ივანიშვილი: “რა გაქვთ მხედველობაში, კი არ მახსოვს, აბა, რა გაქვთ მხედველობაში”?

კვესიტაძე: “პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები აღარ გახსოვთ, ბატონო ბიძინა?”

ივანიშვილი: “2016 წელს”?

კვესიტაძე: “2016 წელს, [ერთ-ერთ ჟურნალისტს] რომ ემუქრებოდნენ და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო ფარული ჩანაწერების გამო”…

ივანიშვილი: “ვერ ვიხსენებ, გეფიცებით, ვერ ვიხსენებ, რაზეა საუბარი”.

კვესიტაძე: “მართლა ვერ იხსენებთ? ეტყობა, პროკურატურასაც დაავიწყდა”…

ივანიშვილმა კვესიტაძეს სთხოვა, დაესახელებინა იმ ადამიანების სახელები, ვისაც ჩანაწერები ეხებოდა, თუმცა კვესიტაძემ ეთიკური ნორმების დაცვის არგუმენტით პოლიტიკოსების სახელები არ დაასახელა.

2016 წლის 11 მარტს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ვიდეოს გამავრცელებელი მიუთითებდა, რომ ასახული იყო ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება. ამ ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მხულის მეორე ნაწილით, [პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით]. დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ასევე უცნობია, დადგინდა თუ არა ვიდეომასალის ავთენტურობა.

14 მარტს კიდევ ერთი ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელზეც ასახული იყო არაიდენტიფიცირებადი ადამიანების სექსულური ცხოვრება და ჩანაწერი შეიცავდა მუქარას ქართველი პოლიტიკოსების და ჟურნალისტის მიმართ. ამ ფაქტზეც იმავე მუხლით დაიწყო გამოძიება და დღემდე საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი