საქართველომ კი არ დაბომბა, სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მინდა მაყურებელს შევახსენო, რა მოხდა 2008 წელს და როგორ ახერხებს დღეს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს საკითხები კიდევ სხვას გადააბრალონ და საკუთარი დანაშაული ერთი წამითაც არ გაიაზრონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ქვეყნის და სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა; მას შეეძლო, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის არაფერი იმაზე მეტი არ უთქვამს, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმა მისცა, “მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი შეიძლება გაიმეორა”.
“ჩემი ინტერპრეტაცია და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურ თანხვედრაშია. თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი და ღალატობრივი ქმედებაც კი, რუსეთი ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. სწორედ რომ სააკაშვილი და თქვენი მეუღლეც, თუ გნებავთ [კვესიტაძეს მიმართავს], შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში და მისცა საშუალება თავისი ღალატობრივი ქმედებით, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული”, – აღნიშნა ივანიშვილმა.