ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონით მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება უფლება

1 მაისი, 2014 • • 1280
ღარიბაშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონით მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება უფლება

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა სასულიერო პირების წუხილი და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილი, ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ.

 

“მინდა განვავრცო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული კომენტარი. მე უფრო მეტი მოვისმინე. მე მოვისმინე ის წუხილი, რაც აქვთ ჩვენს მამებს, რომლებიც გამოდიან აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ქვეყნის პატივსაცემ ადამინებს, მამებს არ აქვთ დეტალური, სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. მე ეს კარგად გავაანალიზე და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს ეჭვი, მოვიპოვე მტკიცებულებები, რომ მათ არ აქვთ რეალური, სრულყოფილი ინფორმაცია. პირველი მთავარი მათი წუხილი იყო შემდეგი, რომ აანიშნული კანონის მიხედვით ხდება  ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება და რომ მოხდება პროპაგანდა ან რაღაც საშინელება ქვეყანაში. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი. არავითარი პროპაგანდა, არავითარი პროპაგანდის საშუალება არ მიეცემა არავის.  არავის დამატენითი უფლება არ მიენიჭება აღიშნული კანონის მიღებით” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, სასულიერო პირების მეორე მთავარი წუხილია ის, რომ მათ თითქოს ქადაგება აეკრძალებათ. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


“მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, ამ კანონის მიღებით არანაირი დამატებითი უფლებები არ მიენიჭება რომელიმე სოციალურ ჯგუფს თუ უმცირესობას. ეს ერთი, მეორე მთავარი წუხილი, რაც ჰქონდათ და აქვთ ამ ადამიანებს, იყო შემდეგი, რომ მათ აეკრძალებათ ქადაგება. რა თქმა უნდა, ესეც არის აბსოლიტური ტყუილი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ამ კანონის მიხედვით არავის და პირველ რიგში ეკლესიას არ აეკრძალება და არ შეეზღუდება უფლება ქადაგების. ეს არ ეხება იმ შეთანხმებას, რომელიც აქვს გაფორმებული სახელმწიფოს ეკლესიასთან. სწორედ ამ მიზნით ამ კანონპროექტში ჩვენ დავაფიქსირეთ, ცალკე მუხლი გავაჩინეთ ამ კანონპროექტში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებას” –განაცხადა ღარიბაშვილმა. 


პრემიერმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის დეტალური განმარტება დაავალა:


“შესაბამისად, ჩემი მოწოდება იყო, გუშინ მე მივმართე საპარლამენტო მდივანს, ბათონ თადუმაძეს, ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია ჩვენს მამებთან, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას და წუხილს ამ კანონპროექტთან მიმრთებაში. რომ მან აუხსნას და გააცნოს დეტალურად ამ კანონპროექტის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც მე გუშინ ვთქვი, მე, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავრობის მეთაური და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი მთავრობის დროს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არც ერთი ანტისახელწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი. არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს ფასეულობებს და ძვირფას ტრადიციებს რაიმე საფრთხეს შევუქმნით.”


ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით სესიაზე გასულ კვირას გავიდა. შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას. ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი