ნეტგაზეთი | ტელეკომპანია კავკასიის ქონებას ყადაღა მოეხსნება ტელეკომპანია კავკასიის ქონებას ყადაღა მოეხსნება – Netgazeti
RU | GE  

ტელეკომპანია კავკასიის ქონებას ყადაღა მოეხსნება

ტელეკომპანია კავკასიის ქონებას ყადაღა მოეხსნება. ტელეკომპანიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახურმა ტელეარხს ახალი გრაფიკი გაუფორმა დავალიანების გადასახდელად.

დღეს, 23 ოქტომბერს, ჯანგირაშვილმა შემოსავლების სამსახურის მიერ ტელეკომპანიის ქონებაზე დადებული ყადაღის დოკუმენტი გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, ყადაღის დადების მიზეზი სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გახდა, რომელსაც გარკვეული პერიოდი დაწესებული გრაფიკით იხდიდნენ. მისივე ინფორმაციით, გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას იხდიდნენ, თუმცა მიმდინარე გადასახადის გადახდა დაგვიანდა. გადაუხდელობის გამო კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “კავკასიის” ქონებას ყადაღა დაადო.

შემოსავლების სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შ.პ.ს ტელეკომპნია კავკასიათან არსებულ დავალიანებაზე გაფორმებული იყო გრაფიკი. მისი პირობების დარღვევის გამო სისტემამ ავტომატურ რეჟიმში მათ ქონებას ყადაღა დაადო. უწყებაში აცხადებენ, რომ ყადაღის დადებისთანავე შემოსავლების სამსახურმა კომპანიას ახალი გრაფიკი შესთავაზა.

“კონკრეტულ ბიზნესსუბიექტთან გრაფიკი იყო გაფორმებული დავალიანების გამო. ეს გრაფიკი დაირღვა მათი მხრიდან. მაშინ, როცა გრაფიკი ირღვევა, სისტემის მიერ ქონება ყადაღდება. ასე ხდება ნებისმიერი კომპანიის შემთხვევაში,”-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ყადაღის დადების შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებით შეეცადა ეჩვენებინა, როგორ უჭირს  დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს საქართველოში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.