სამართლის სკოლის დეკანი გიორგი თუმანიშვილი მიიჩნევს, რომ სტიპენდიების გაცემის წესის შესახებ რექტორ გიგა ზედანიას ბრძანება შინაარსობრივად უსამართლოა და ხელყოფს სამართლის სკოლის სტუდენტთა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თანასწორუფლებიან, თანაბარ შეჯიბრებითობაში.
დეკანი აცხადებს, რომ სამართლის სკოლაში, სადაც სტუდენტებს საკმაოდ რთული პროგრამის შესწავლა/დაძლევა უწევთ, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ სტუდენტს ჰქონდეს შვიდ ან რვა სასწავლო საგანში საშუალო არითმეტიკული 100 ქულა, რის მიხედვითაც ისაზღვრება სტიპენდიების გაცემის ახალი წესი.
თუმანიშვილი ამბობს, რომ სტიპენდიების განაწილების წესი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ფაკულტეტებზე (სკოლებში) არსებულ აქტიურ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულობის პრინციპს.
“ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა უნივერსიტეტისათვის, სადაც რამოდენიმე ფაკულტეტია (სკოლაა) და არაერთი საბაკალავრო პროგრამა. აქტიურ სტუდენტთა რიცხვი დინამიურია, სტიპენდიების განაწილების მომენტისათვის უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდი უნდა იყოფოდეს პროცენტულად იმ ოდენობით სხვადასხვა ფაკულტეტების (სკოლების) სტუდენტებზე, რა ოდენობის აქტიური სტუდენტიც არის იმ მომენტში ამ ფაკულტეტზე (სკოლაში). სამართლის სკოლის შემთხვევაში, ეს ამ ღია წერილის შედგენის მომენტისათვის არის 10,54%. შესაბამისად, სასტიპენდიო ფონდის 10.54 % -ის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ სამართლის სკოლის სტუდენტებს. ბუნებრივია, ეს თანხა უნდა გადანაწილდეს სამართლის სკოლის სტუდენტთა სარეიტინგო სიის მიხედვით იმდენ სტუდენტზე, რამდენისთვისაც იქნება საკმარისი სასტიპენდიო ფონდის 10,54%-ის შესაბამისი თანხა,”- აცხადებს თუმანიშვილი ღია წერილში.
მისივე განმარტებით, სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა თვისობრივად და შინაარსობრივად განსხვავდება სხვა ფაკულტეტების თუ სკოლის საბაკალავრო პროგრამებისგან. შესაბამისად, დეკანი მიიჩნევს, რომ:
“უსამართლოა, სამართლის სკოლის სტუდენტი, რომელიც ერთ სასწავლო სემესტრში გადის შვიდ ან რვა სასწავლო საგანს, ,,ეჯიბრებოდეს’’ სხვა პროგრამების, მაგალითად: მუსიკის ან სასცენო ხელოვნების, ან/და მულტიმედიური სცენოგრაფიის, თეატრმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. ეს შინაარსობრივად არასამართლიანია, ხოლო განათლების მენეჯმენტის თვალსაზრისით – არასწორი. სტიპენდიას აქვს თავისი ფილოსოფიური მნიშვნელობა, რაც, პირველ რიგში, სტუდენტთა მოტივაციის გაზრდასა და წახალისებას გულისხმობს. შეუძლებელია სტიპენდიის ფილოსოფიური შინააარსი შენარჩუნებულ იქნას იმ პირობებში, როდესაც სამართლის სკოლის სტუდენტები – 10,54% ,,ეჯიბრება’’ დანარჩენ 89,46 %-ს სხვა მრავალი პროგრამის სტუდენტებს მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. ეს არის არალოგიკური და ასევე არასამართლიანი. მით უფრო, როდესაც თვისობრივად განსხვავდება ხვადასხვა ფაკულტეტზე (სკოლაში) საბაკალავრო პროგრამებზე არსებული სწავლების ფორმატი და მინიმალური მოთხოვნები სტუდენტთა მიმართ.”
როგორც გიორგი თუმანიშვილი თავის ღია წერილში წერს, სტიპენდიების საკითხი არ იყო განხილული უნივერსიტეტის ფაკულტეტების (სკოლების) დეკანებთან და მათთვის აზრი არავის უკითხავს, რაც მისი აზრით, სამწუხარო ფაქტია და რექტორსა და ფაკულტეტების (სკოლების) დეკანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს.
“თქვენ უკვე თვეზე მეტია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ხართ. რექტორად თქვენი არჩევა ყველას გაგვიხარდა და გგულშემატკივრობდით. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ,,ზედა რგოლის’’ მენეჯერების (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) შეცვლის შემდეგ საუნივერსიტეტო ცხოვრება სამართლის სკოლასთან მიმართებაში წარიმართა თქვენი მხრიდან, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, აბსოლუტურად გაუგებარი, არალოგიკური და დაუფიქრებელ-გაუაზრებელი არაერთი ნაბიჯის გადადგმით,”- წერს უნივერსიტეტის დეკანი.
სტიპენდიების გაცემის წესთან დაკავშირებით პეტიცია გაავრცელეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა.
კომენტარისთვის ნეტგაზეთი უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას დაუკავშირდა, თუმცა, რექტორის განმარტებით, საპასუხო განცხადებას ის საღამოს 20:00 საათისთვის გაავრცელებს.






