ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ომის მუზეუმი გახსნეს

22 ოქტომბერი, 2018 • 2655
აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ომის მუზეუმი გახსნეს

გუდაუთაში, რეკონსტრუირებული “აფხაზი ხალხის სამამულო ომის მუზეუმი” გახსნეს. საზეიმო გახსნას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო.

“მადლობას ვუხდი დედებს მოთმინებისთვის და თითოეულ მათგანს, ვინც მუზეუმის გასახსნელად ძალისხმევა არ დაიშურა. ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საქმეში. მუზეუმის ექსპოზიცია, რომელიც ჩვენს მეომრებსა და მოხალისეებს მიეძღვნა, არა მხოლოდ მეხსიერებაა მათთვის, ეს არის გაფრთხილება, რომ ასეთი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს”.

მუზეუმის დირექტორის, ბატალ გუმბას ინფორმაციით, ამ დროისთვის მუზეუმში მხოლოდ ერთი დარბაზია გახსნილი, სადაც სტენდია ლათას ტრაგედიის მსხვერპლთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფოტოსურათებით.

მისივე ცნობით, იგეგმება დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისადმი, ვლადისლავ არძინბასადმი, სამხედრო გენერლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისადმი მიძღვნილი დარბაზის გახსნაც. ასევე – ორი საგამოფენო დარბაზის, სააქტო დარბაზისა და ბიბლიოთეკის.

“დარწმუნებული ვარ, მუზეუმი უნიკალური კულტურული კერა გახდება ახლანდელი და მომავალი თაობისთვის”, – ამბობს გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა.

ომის მუზეუმი აფხაზეთში; ფოტო: apsnypress

მასალების გადაბეჭდვის წესი