ახალი ამბები

აშშ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას რუსეთთან – ტრამპი

21 ოქტომბერი, 2018 • 7535
აშშ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას რუსეთთან – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს ათწლეულების წინ რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საშუალო დიაპაზონის ბირთვული არსენალის გამოყენებაზე რეგულაციებს მოიცავს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, რუსეთი შეთანხმებას მრაავალი წლის განმავლობაში არღვევდა.

“არვიცი, რატომ არ გადახედა ან გამოვიდა [შეთანხმებიდან] პრეზიდენტი ობამა. ჩვენ არ ვაპრებთ, მათ[რუსეთს] ბირთვული შეთანხმების დარღვევის ნება მივცეთ”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“ჩვენ ვრჩებოდით შეთანხმების ფარგლებში და პატივს ვცემდით მას. მაგრამ რუსეთი, სამწუხაროდ, არ სცემდა პატივს შეთანხმებას. ამიტომაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება. ჩვენ მას დავტოვებთ”.

საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე აშშ და მაშინდელი საბჭოთა კავშირი 1987 წელს შეთანხმდნენ. დოკუმენტს ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ხელი რონალდ რეიგანმა, მოსკოვის მხრიდან კი მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ქვეყნები უარს ამბობდნენ ბირთვული იარაღის წარმოებაზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 500-დან 2500 კმ-მდე მერყეობდა. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ცივი ომის თანმდევი დაძაბულობის შესამცირებლად.

ტრამპის ამ განცხადებამდე, მოსკოვის მხრიდან ბირთვული შეთანხმების დარღვევაზე ნატოს გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგიც საუბრობდა. ის აღნიშნავდა, რომ ალიანსი “აღშფოთებულია რუსეთის არასაკმარისი პატივისცემის გამო მისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ბირთვული შეთანხმების მიმართ” და აცხადებდა:

“წლების განმავლობაში უარყოფის შემდეგ, რუსეთმა დაადასტურა ახალი სარაკეტო სისტემის –  9M729-ს არსებობა. რუსეთს არ გაუცია დამაჯერებელი პასუხები აღნიშნულთან დაკავშირებით”.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე სერგეი რიბაკოვი გადაწყვეტილებას “სახიფათო ნაბიჯად” და მოსკოვის დაშანტაჟების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ვაშინგტონს არ აქვს საფუძველი, რუსეთს ზემოაღნიშნული ბრალდებები წაუყენოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი