ახალი ამბები

ზურაბიშვილი – 27%; ვაშაძე – 10% : “ოცნების” შიდა კვლევის შედეგები

18 ოქტომბერი, 2018 •
ზურაბიშვილი – 27%; ვაშაძე – 10% : “ოცნების” შიდა კვლევის შედეგები

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 18 ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგის შესახებ მომზადებული პარტიის შიდა კვლევის შედეგები გაასაჯაროა.

კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარს გამოკითხულთა 27% უჭერს, გრიგოლ ვაშაძეს- 10, დავით ბაქრაძეს კი გამოკითხულთა 9 პროცენტის მხარდაჭერა ჰქონდა.

სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 6 პროცენტი უჭერდა, 48 პროცენტი კი ან არ გეგმავდა არჩევნებზე წასვლას, ან გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მდინარაძის განცხადებით, ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არჩევნებში მოსალოდნელ შედეგს აჩვენებს, ზურაბიშვილს 53-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და ის პირველივე ტურში იმარჯვებს. “ოცნების კვლევით”, გრიგოლ ვაშაძეს 19, დავით ბაქრაძეს კი მხარს 17 % უჭერს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ამ კვლევის თანახმად, 11-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

თავდაპირველად, პარტიამ კვლევის შედეგები არასრულად, მისი მეთოდოლოგიის, გამოკითხულთა რაოდენობისა და ცდომილების  გარეშე გაასაჯაროა, რის გამოც “ნეტგაზეთმა” მონაცემები ვებგვერდიდან წაშალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია  “ქართული ოცნების” პრესსამსახურისგან მხოლოდ საღამოს საათებში მივიღეთ. მეთოდოლოგიის შესახებ ცნობებს ქვემოთ გთავაზობთ.

როგორ ჩატარდა კვლევა? – მეთოდოლოგია

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით ჩაატარა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა “ფსიქოპროექტმა”.

“ფსიქოპროექტის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი კი ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველია.

პარტიის ცნობით, გამოკითხვისას შემთხვევითი შერჩევისა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლისა და უფროსი ასაკის 3000-მდე რესპონდენტი გამოიკითხა მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კვლევის ცდომილება +/- 2.5%-ია.

საველე სამუშაოები 2018 წლის 9 – 17 ოქტომბერს მიმდინარეობდა, მონაცემები კი ყველა გამოკითხულის პასუხს შესაბამის კითხვარზე მოიცავს.

“მონაცემების ანალიზის დროს მოხდა მათი შეწონვა, რათა არ დარღვეულიყო რესპონდენტთა პროპორციული განაწილება ქვეყნისა და დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით”, – მისწერა პარტიამ “ნეტგაზეთს”.


 

მანამდე, ამომრჩეველთა განყობების შესახებ კვლევები გაავრცელა “რუსთავი 2”-მა და “ევროპულმა საქართველომ”, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი შედეგი დავით ბაქრაძეს და გრიგოლ ვაშაძეს აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი