“ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად არის დაცული საქართველოში დღეს არსებული კანონმდბელობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვიდნებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად. ჩვენი აზრით, იგი იწვევს ყველა რელიგიით აღირებული ძირითადი ზნეობრივი პრინციპების ეჭვქვეშ დაყენებას, ეს კი თავის მხრივ საზოაგდოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის. ევროკავშირი განსხვავებული რელიგიებისა და ერების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს ქმნის, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს და საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროქტის მოთხოვნები კი ამ პრინციპებს ეწინააღმდგება”, – განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვაში საზოგადოების ფართო ფენები და ეკლესიაც უნდა ჩაერთონ.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. პარლამენტში განხილვაზე მყოფმა მღვდელმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ეკლესიასთან არ განხილულა და იგი იმ დეპუტატებს, ვინც მას მხარს დაუჭერენ, ანათემით დაემუქრა. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ოღონდ ისინი ეკლესიისაგან განსხვავებით კანონპროექტის გამკაცრებას ითხოვენ აღსრულების მექანიზმების ნაწილში. ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ერთ–ერთი საკითხია.
