ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება – ევროკავშირის ელჩი

18 ოქტომბერი, 2018 •
სამწუხაროა, რომ კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, იმის თაობაზე, არის თუ არა ქვეყანა მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ან როდის იქნება.

“თქვენ მკითხეთ, არის თუ არა საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის? ვფიქრობ, პასუხი არის არა. როგორც იცით, ასოცირების შეთანხმება არის ჩარჩო, რომელმაც უნდა დააუხლოოს საქართველო ამ მისწრაფებებს. ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მთელი არსი ამის მიღწევაა. თქვენ იცით, რომ სამომავლო გაფართოებაზე ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს, დაუახლოვდეს ევროკავშირს. სად მიგვიყვანს ეს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება სიტუაცია თავად ევროკავშირში”, – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პოტენციალი არ არის გამოყენებული.

“თქვენ გჭირდებათ, რომ ბიზნესმა დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და დაიწყოს თავისი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე”,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის დაგეგმილ უმაღლეს დონეზე დიალოგის ახალი ფორმატის შესახებაც, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

გამოწვევების შესახებ საუბრისას ევროკავშირის ელჩმა სასამართლოს რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

მან ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი და თქვა, რომ მათი კრიტიკული ხმა სჭირდება ხელისუფლებასაც.

რაც შეეხება მედიას, კარლ ჰარცელმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექტში, როდესაც სხვადასხვა ფარული ჩანაწერები გავრცელდა.

“რამაც გამაოცა ამ ბოლოდროინდელი მოვლენებისას, არის ის, რომ ჯერ ვიღებთ ერთ ინფორმაციას, შემდეგ მეორეს მეორე მხრიდან და ყველას გვაინტერესებს, სად არის სიმართლე? რატომ ხდება ეს, ვინ რა გააკეთა და ა.შ. ჩვენ მოვუწოდებთ გამჭვირვალე გამოძიებისკენ”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

წინასაარჩევნო გარემო

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოში მისი მისიის დაწყებიდან პირველი კვირების განმავლობაში გააოცა იმ ფაქტმა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ არავინ საუბრობდა, თუმცა შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

“რჩევის მოცემა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება. ასევე საუბარი არ არის მომავალი პრეზიდენტის საკონსტიტუციო ძალაუფლებაზე, რომელიც, როგორც ითქვა, საკმაოდ შეკვეცილია. თუმცა, ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს ექნება უზარმაზარი შესაძლებლობები, როგორც ქვეყნის შიგნით, როგორც მთავარსარდალს, ასევე, საერთაშორისო არენაზე. დისკუსიები პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ძალიან ცოტაა, რაც სამწუხაროა”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი