ახალი ამბები

არასამთავრობოები ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვენ

28 აპრილი, 2014 •
არასამთავრობოები ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვენ

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში დღეს, 11 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე “ღია საზოგადოების” ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, “იდენტობის” დირექტრმა ირაკლი ვაჭარაძემ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა თამთა მიქელაძემ და “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” დირექტორმა ზვიად დევდარიანმა პრესკონფერენცია გამართეს. 

 

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტმა ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, რომელთა გარეშე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტური ვერ იქნება. აღნიშნული რეკომენდაციებია: სახალხო დაცველს მიეცეს უფლება, რომ სასამართლოს დახმარებით მიენიჭოს დაჯარიმების ფუნქცია და არ ამოიღონ კანონპროექტიდან დისკრიმიანციის საფუძვლების ჩამონათვალი. 

 

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ თუ აღნიშნულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის დაუთმობს იმ ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. 

 

“ღირებულებითი არჩევანია – ის კომპრომისზე წავა და შეაჩერებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, თუ გააკეთებს მკაფიო განცხადებას, რითიც დააფიქსირებს, რომ ის არის სეკულარული სახელმწიფო, რომელიც იცავს დემოკრატიულ ლიბერალურ ღირებულებებს”,- უთხრა “ნეტგაზეთს” თამთა მიქელაძემ. 

 

ირაკლი ვაჭარაძემ განმარტა, რომ საქართველო ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას იმიტომ იღებს, რომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და ქვეყანას ჰქონდეს კანონმდებლობა, რომელიც უმცირესობების წევრებს დაიცავს და არ აიძულებს ევროპას შეაფროს თავი, ხოლო თუ კანონმდელობა ეფექტური ვერ იქნება, საქართველო ისევე დაკარგავს ვიზის ლიბერალიზაციას, როგორც მიიღებს. 

 

ქეთი ხუციშვილის თქმით, 35 ორგანიზაცია შეუერთდა წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სახელზე გაიგზავნება.

 

არასამთავრობოები მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს, რომ “გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი და სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა.”

 

35 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალ დაგეგმილ საპარლამენტო განხილვაზე დასწრებასა და განხილვაში საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას აპირებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი