ახალი ამბები

800 მილიონი ლარი სოციალური სფეროსთვის და 1 მილიონი ხე– ნარმანიას დაპირებები თბილისს

26 აპრილი, 2014 • • 1589
800 მილიონი ლარი სოციალური სფეროსთვის და 1 მილიონი ხე– ნარმანიას დაპირებები თბილისს

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მიუსაფარი ადამინების დახმარება, დევნილთა პრობლემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და ქალაქის გამწვანება ნარმანიას პროგრამის პრიორიტეტებია. 

 

“ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი თბილისის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად ხელს შევუწყობთ ქალაქის განვითარებას. ჩვენ კონკრეტული გეგმებით და პროექტებით მოვდივართ, ისინი ორიენტირებულია ქალაქში მშენებლობის მოწესრიგებაზე, გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების შექმნაზე, სატრანსპორტო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. სპეციალისტებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩვენ შევქმნით ქალაქის განვითარების პრინციპულად განსხვავებულ გეგმას”. – განაცხადა მან. 

 

მისივე თქმით, სოციალური სფერო “ქართული ოცნების” განსაკუთრებული ზრუნვის საგანია და ამიტომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ხოლო განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დაეთმობათ:

 

“გავუფართოეებთ სოციალური დაუცველობის პაკეტს, ხოლო იმათ, ვინც სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობს, ინდივიდუალურ დახმარებებს გავუწვევთ. სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებს. განახლდება თბილისის საბინაო ფონდი. სამწუხაროდ, მიუსაფარ ადამიანთა ბედით წლების განმავლობაში არავინ ინტერესდებოდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ ადამიანებს ცხოვრების ელემენტარული პირობები შევუქმნათ. ისინი ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ამ მიმართულებით ჩემი მინისტრობის პერიოდში უკვე რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის თბილისშიც.  2013 წელს პირველად მოეწყო თავშესაფარი მიუსაფარი მოქალაქეებისთვის. მე, როგორც მინისტრს არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანების სავსე თვალები, რომელიც პირველი თავშესაფრის მოწყობისას იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ამ პრობლემების გამკლავებას აუცილებლად შეძლებს”. 

 

დავით ნარმანიას განცხადებით,  თბილისის მერია აქტიურად იზრუნებს თბილისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოწესრიგებაზე.

 

“ასევე ჩვენი მთავარი საზრუნავი მომავალი თაობებისთის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა. ჩვენმა გუნდმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მაგრამ პირობები კვლავ შორსაა სასურველისგან, ჩვენი მთავარი საზრუნავი საბავშვო ბაღების თანამედროვე სტანდარტებზე მორგება და მათი მდგომარეობის მაქსიმალური გაუმჯობესება იქნება”

 

რაც შეეხება უმუშევრობას, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ იგი კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას შეძლებს და ყველა მუნიციპალური პროექტი დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული.  

 

“ჩვენი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა და სწორედ ეს სექტორი უნდა გახდეს ახალი ძალის და სამუშაო ადგილების შემქმნელი”. 

 

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე. მისი განცხადებით, თბილისში მილიონამდე ხე დაირგვება, ხოლო ისეთი პროექტები, რომლებიც გამწვანებას არ ითვალისწინებს, მერიისგან არ დამტკიცდება. 

 

“მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, აქ გულგრილობა დაუშვებელია. თბილისი წლების განმავლობაში კატასტროფული რაოდენობის პარკების, სპორტულ–გამაჯანსაღებელი მოედნების, სკვერების, დაქვემდებარებული ტყეების განადგურების ტერიტორიად და ადგილად იქცა, ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ ერთ მილიონამდე ხეს. არც ერთ სამშენებლო პროექტს მერია არ დაამტკიცებს, თუ მასში გამწვანებისა და პარკირების კომპონენტი არ იქნება გათვალისწინებული”. 

 

ნარმანიას დაპირებები ასევე მოიცავს  ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც   შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და ნაკლებ მობილური ადამიანების სამგზავრო მომსახურეობის სრულყოფაზე იქნება მიმართული. 

 

მისი განცხადებით, გასუფთავდება მდინარე მტკვარი და არსებობს მისი ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომლის მიხედვითაც მტკვარი სარეკრეაციო ზონად გამოცხადდება. ნარმანიას განცხადებით,  ასევე არსებობს სტრატეგია ნარჩენების გადამუშავებისთვის და მართვისთვის. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” ყრილობაზე 12 ქალაქში პარტიის მერობის კანდიდატების დასახელდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი