რის სანაცვლოდ მიიღო “ბიტფურიმ” 1.8 მლნ-ად შეფასებული მიწა 1 ლარად – ifact

“აი, ფაქტი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლს ასაჯაროებს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ამ დოკუმენტის მიღებას სამინისტროსგან ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ამისთვის სასამართლოსაც მიმართეს და პროცესი მოიგეს.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ)  ტერიტორიაზე “ბიტფურის” ბიტკოინის მაინინგ ცენტრი მდებარეობს. კომპანიამ ქვეყანაში საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” დახმარებით დაიწყო და ჯერ გორში ააშენა მაინინგ-ცენტრი, შემდეგ კი- თბილისში. “ბიტფურის” მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, შპს “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკმა” 2015 წელს სახელმწიფოსგან თბილისში 18 ჰა მიწა 1 ლარად მიიღო.

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გამომძიებელ ჟურნალისტებს ორი წლის განმავლობაშო არ აძლევდა:

1. ადმინისტრატორმა კომპანიამ თვითონ ან სხვა პირების დახმარებით თიზ-ის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია 2055 წლის დეკემბრამდე;
2. 2055 წლამდე დაასაქმოს საქართველოს 40 მოქალაქე მაინც.

ამ პირობების სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო:

1. 18 ჰა მიწა 1 ლარად, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1,850,000 ლარი იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით;
2. საგადასახადო შეღავათები, რომლებიც თიზ-ში მდებარე კომპანიას ენიჭება: მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლება;

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი ამბობს, “ბიტფურისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისფულებაა, რადგან ამგვარად კომპანია 18 პროცენტით ნაკლებს იხდის მოხმარებულ ელენერგიაზე.

“ბიტფურის” ხელმძღვანელის, ვალერი ვავილოვის თქმით, მონაცემთა ცენტრების დანახარჯის 90-95 პროცენტი სწორედ ელენერგიაზე მოდის, რადგან ცენტრებში განთავსებული სერვერები განუწყვეტლივ მუშაობენ, მსოფლიოში ბიტკოინით განხორციელებულ ტრანზაქციებს ამოწმებენ და სანაცვლოდ ახალ ბიტკოინებს მოიპოვებენ.

“აი, ფაქტის” სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნანა აფციაური განიხილავდა, სააპელაციო სასამართლოში კი- ლევან მურუსიძე. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი დასაშვებად არ ცნო. “აი, ფაქტის” ინტერესს სასამართლოში დავით მაისურაძე, შპს “თბილისი კონსალტინგ გრუპის” აღმასრულებელი დირექტორი იცავდა.

დოკუმენტის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.