უფლებადამცველი, რომელიც ბაქოში ჯაშუშობაში ბრალდებულ ჟურნალისტზე წერდა, დააკავეს

უფლებათადამცველი ლეილა იუნუსი, რომელმაც ჯაშუშობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე მიმართვა გაავრცელა, და მისი მეუღლე არიფ იუნუსი ბაქოს აეროპორტში 28 აპრილს დააკავეს. ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის ადვოკატმა ფუად აგაევმა გუშინ გვიან ღამით განაცხადა. 

უფლებადამცველისა და მისი მეუღლის დაკავების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი apa.az ავრცელებს.


ადვოკატის თქმით, დაკავებისთანავე იუნუსებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავების მიერ მათი ოფისსა და ბინაში ჩხრეკა იგეგმება. 

 

ლეილა იუნუსი აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელეს. 


მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. 

 

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს, სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

 

ლაურა ბაგდასარიანის, აღნიშნული მიმართვის თანაავტორის განცხადებით, მირკადიროვი მათი ერთობლივი [სომხეთი – აზერბაიჯანი] პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო, რაც მისთვის ბრალი წაყენების მიზეზი გახდა.

 

“ის მონაწილეობდა ინტერნეტ-კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ჩვენს ვებ-გვერდზე – publicdialogues.info. თუკი აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ იცოდა “მირკადიროვის ჯაშუშური კავშირებისა და საქმიანობის შესახებ სომხებთან 2008-09 წლებში, მაშინ ბაქოში რატომ დაიწყეს ამ საქმიანობის გამოძიება 2014 წელს?” – ასეთი შეკითხვა დასვა ბაგდასარიანმა Arminfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ლეილა იუნიუსი; ფოტო: apa.az
ლეილა იუნიუსი; ფოტო: apa.az

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი