ახალი ამბები

“ვღებულობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმისთვის, რომ განვახორციელოთ დისკრიმინაცია”

25 აპრილი, 2014 •
“ვღებულობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმისთვის, რომ განვახორციელოთ დისკრიმინაცია”

 მათ შორისა კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, კანონის არცერთი დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესია შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას. 

 

 

 

“ეს არის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი საკთხი. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა იქცეს დისკრიმინაციის წყაროდ. ვინაიდან, თუ ამ ჩანაწერის ინტერპერტირება მოხდება კონკორდატის კონტექსტში, იმის მიხედვით, თუ რას მიიჩნევს საპატრიარქო დისკრიმინაციად, ვითარების გაუარესებასთან გვაქვს საქმე და არა პირიქით – გაუმჯობესებასთან. ეს არის არსებითი საკითხი,”- განაცხდა ომბუდსმენთან შეხვედრის დროს თამარ კინწურაშვილმა, მედიის განვითარების ფონდის (MDF) ხელმძღვანელმა. 

 

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი.


“როდესაც მეუბნები, რომ კონკორდატი მნიშვნელოვანია, უკვე აპრიორი დისბალანსს ახდენ. ეს კანონი იგივე ამ შეთანხმების დამბალანსებელი უნდა იყოს,”- აცხადებს ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სახალხო დამცველთან დღევანდელ შეხვედრაზე.

 

თამარ ჩუგოშვილი, პრემიერის მრჩეველი კი ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა სამართლებრივი თვალსაზრისით ამ კონკრეტულ ჩანაწერს არ აქვს. 

 

“არაფერს არ ცვლის იურიდიული თვალსაზრისით, იქნება ეს ჩანაწერი იქ თუ არ იქნება, საერთოდ არაფერს ცვლის, მე საერთოდ ვერ ვხედავ აზრს, რატომ წერია. სამართლებრივი ჩარჩო ისედაც უცვლელია,”- ამბობს ჩუგოშვილი. 


“თუ არ არის მნიშვენლოვანი, რატომ ვწერთ მაშინ. ტყუილად არაფერი წერია. ეს ადამიანის ცნობიერებაზე მოქმედებს.  უბრალოდ დაუშვებელი და მიუღებელია საუბარი, რომ არაუშავს, იყოს ეს ჩანაწერი. ნონსენსია, ვღებულობთ ანტიდისკრიმინაცულ კანონს იმისთვის, რომ დისკრიმინაცია განვახორციელოთ,”- ამბობს ორგანიზაცია “იდენტობას” იურისტი, ნინო ბოლქვაძე.

 

აღნიშნულ ჩანაწერს [მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს] გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეშენალიც [Amnesty International].

 

“მუხლის მიხედვით, კანონის არც ერთი ჩანაწერი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის კანონიერ საფუძვლებს განსაზღვრავს და ხაზს უსვამს იმ “განსაკუთრებულ როლს”, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში თამაშობდა ეკლესია. ეს შეთანხმება ეკლესიას გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის საგადასახადო პრივილეგია, ასევე, სპეციალურ საკონსულტაციო როლი მთავრობასთან ურთიერთობაში და ხშირად განიხილება, როგორც დისკრიმინაციული სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში საქართველოში. ეკლესიის ლიდერები შემჩნეულნი არიან დისკრიმინაციულ რემარკებში სხვადასხვა უმცირესობის მიმართ და ისინი საუბრობენ ხოლმე “უმრავლესობის [მართლმადიდებლები] დაცვის აუცილებლობაზეც,”- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კანონპროექტში  – დაჯარიმების თემაა, რომელიც სადაო საგანია ასევე მთავრობასა და საზოგადოების ნაწილს შორის. 

 

“როდის იქნება მზად ხელისუფლება, რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდის მომწიფდება საზოგადოება და როდის მივიღებთ სიგნალს საზოგადოების მზაობის შესახებ, რომ კანონის ეს პროცედურა დავიცვათ,”- განაცახადა ნინო ბოლქვაძემ, “იდენტობის” იურისტმა დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილის განცხადების შემდეგ.

 

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, დღესაც თქვა, რომ ჯარიმების შემოღებისთვის და პირდაპირ რეპრესიულ მექანიზმებზე გადასვლისთვის საზოგადოება ამ ეტაპზე მზად არ არის.

 

“ჯერ თვითონ ცნებაც კი, თავისი არსით, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და როგორ შეიძლება ის დაკვალიფიცირდეს ხშირად უცნობია ადამიანებისთვის. ამას [კანონს] გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების დატვირთვა უნდა ჰქონდეს, ვიდრე რეპრესიული ძალის.” 

 

“ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების გარეშე ეს კანონი უბრალოდ ეფეტური ვერ იქნება, რა ცვლილებაც არ უნდა შევიდეს,”- ამბობს გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ომბუდსმენთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზაზე ეს კანონი ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გაითვალისწინებს სამართლებრივი რეაგირების ისეთ ფორმას, როგორიც არის ჯარიმა.

 

თუმცა, ამავე დროს, უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ სანქციები არ არის პანაცეა. მაგალითისთვის კონსტიტუციას ასახელებენ, რომლის შესაბამისადაც მოქალაქეების თანასწორობა  წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი ისედაც უნდა ყოფილიყო.

 

“ყოველდღიურად, სოციალურ სტატუსთან, ფერთან, ფიზიკურ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში ვაწყდებით დისკრიმინაციას. იმისთვის, რომ ეფექტური იყოს დაცვის მექანიზმი, კომპლექსური სამუშაოა საჭირო მათ შორის ჩინოვნიკებთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან. მოსამართლეს რომელიც რელიგიური ატრებუტიკით მოდის პროცესზე, როგორო უნდა ვენდო. მთავარია მენტალურად შეიცვალოს ადამიანების აზროვნება, ამ მხრივ არის საჭირო მუშაობა, მათ შორის საგანმანათლებლო. აი, როგორც კრიმინალური ტიპების მიმართ შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება. დღემდე, ხშირად ჩემ მიმართაც აქვს ადგილი დისკრიმინაციას. 22 წელია სახელმწიფო ენაზე ვმეტყველებ და ისევ რუსულად მომმართავენ და მელაპარაკებიან. როდესაც იგებენ რომ ქართული ვიცი, კითხულობენ, სად ვისწავლე და უკვირთ. პირადად ჩემთვის უთქვამთ, “აი, თქვენი ელჩი.” ვეკითხები, ვინ არის ჩემი ელჩი? “- ამბობს ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

 

პარლამენტში  “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს გაიმართება. 


ფოტო: tolerantoba.ge
ფოტო: tolerantoba.ge


ფოტო: tolerantoba.ge
ფოტო: tolerantoba.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი