ახალი ამბები

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შემაშფოთებელია – TI

16 ოქტომბერი, 2018 •
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შემაშფოთებელია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაცია დასძენს, რომ შემაშფოთებელია სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების მზარდი მაჩვენებელი.

2018 წლის 3 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები მიუთითებდა საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც სარგებელი უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლეებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ  მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა.

ორგანიზაცია წერს, რომ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ მოგვიანებით მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და უზრუნველყოს კორუფციასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება.

„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ასევე უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს მიმდინარე წლის ზაფხულში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს”, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ დელია ფერეირა რუბიომ.

2017 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ანალიზისას „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკვე აღნიშნა საქართველოში ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების აღსრულების, ასევე გავლენიანი პოლიტიკოსების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევების გამოძიების მხრივ არსებული ნაკლოვანებები.

ისევე, როგორც მისი ეროვნული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას.

ორგანიზაციის განმარტებით, მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიოჩანაწერები მიუთითებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ანტიკორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან აკრედიტირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი