ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ტურიზმის განვითარების გეოგრაფიულ პერსპექტივებს განიხილავს

24 აპრილი, 2014 • • 1710
ცხინვალი ტურიზმის განვითარების გეოგრაფიულ პერსპექტივებს განიხილავს

სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ჯაბიევმა ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. 

 

მის სტატიას სამხრეთ ოსეთში ტურიზმის განვითარების შესახებ საინფორმაციო პორტალი “იუჟნაია ოსეტია” აქვეყნებს. 

 

“ტურიზმს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასა და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში,”- წერს ჯაბიევი.  

 

მისი თქმით, ცხინვალი “ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალის გასავითარებლად ყველაზე მნიშვნელოვან და უდაო პლუსად მხარის მდიდარ ისტორიას, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას, არქეოლოგიურ და კულტურულ-ისტორიულ რესურსებს” განიხილავს.

 

ყველაზე დიდ პრობლემას, ჯაბიევის განმარტებით, ტურისტულ სფეროში პერსონალის მაღალკვალიფიციურობის სიმცირე წარმოადგენს. სწავლის მიზნით, როგორც მისგან ირკვევა, საბიუჯეტო ხარჯებით 19 სტუდენტი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, თუმცა იქიდან სამხრეთ ოსეთში მხოლოდ 8 კურსდამთავრებული დაბრუნდა. 


ამჟამად სახელმწიფო დონეზე ტურიზმის განვითარების მხოლოდ ორი ძირითადი მიმართულება განიხილება – აგროწარმოება და წარმოება.


“პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შიდა ტურიზმზე. არ არის აუცილებელი თავიდანვე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა. სავსებით მისაღები იქნება ინდვიდუალური კარვები და საძილე ტომრები. ამავდროულად, ეს არის ყველაზე ეკონომიური და რეალური ვარიანტი,”- წერს სტატიის ავტორი.


რაც შეეხება წყლის რესურსებს, ჯაბიევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში წყლის სიუხვით მდინარეები არ გამოირჩევიან, შესაბამისად, იმისთვის, რომ ტურისტებმა ბანაობა შეძლონ, ხელოვნური წყალსაცავები უნდა აშენდეს. 

 

როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი წერს, მთავარი ტურისტული პოტენციალი სამხრეთ ოსეთის სამხრეთ მხარესაა, კერძოდ, ლენინგორის/ახალგორის რაიონი, რომელსაც, მისი თქმით, აუცილებლად განვითარება სჭირდება.

 

“დღეს არსებული მონაცემებით, ტურიზმის მთავარი ტერიტორია ჯავის რაიონია. ეს სტერეოტიპი ხალხში მას შემდეგ არსებობს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ლენინგორის რაიონი იზოლაციაში იყო და ხალხი ძირითადად ჯავის ხეობით იხიბლებოდა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 30% საქართველოს დროებით ოკუპაციაში იყო. ლენინგორის რაიონში არის რბილი ჰავა, ამავე დროს, წელიწადის დიდ დროს მზიანი დღეებია. მდინარე ქსანში ბანაობა კი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად და გამაჯანსაღებლად მოქმედებს. ჯავის რაიონი კი აქტიური სპორტული დასვენებისთვის გამოდგება, სადაც სათხილამური კურორტის განვითარების დიდი პერსპქტივებია,”- წერს ჯაბიევი.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, შეიქმნას ნაციონალური ბრენდი, რომლის დიდი პოტენციალიც სამხრეთ ოსეთს ნამდვილად გააჩნია. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი