“სვეტის” დირექტორის, გივი ჯიბლაძის განცხადებებზე, რომლებიც სუს-ის უფროსის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის, ასევე ქალაქის ყოფილი მერის შესაძლო კორუფციულ ქმედებებს ეხება, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
გივი ჯიბლაძემ კორუფციის თაობაზე ინფორმაცია დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე რ2-ს მიაწოდა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოში მოქმედ ყველა საგამოძიებო უწყებას, რათა გაერკვია, დაიწყო თუ არა გამოძიება ჯიბლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესასწავლად. ყველა დანარჩენმა უწყებამ გვითხრა, რომ მათ სისტემაში გამოძიება არ მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბლაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი მშენებლობის წილის სანაცვლოდ კომპანია “სვეტს” სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და “მისი ვალდებულება ნებართვების გაკეთება იყო”.
გივი ჯიბლაძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ლაშა ჭელიძე “სვეტში” ფიქტიურად 20%-ს ფლობდა, თუმცა კომპანიასა და ლილუაშვილს შორის, რომელიც მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო, მხოლოდ შუამავალი იყო. შესაბამისად რ2 ჯიბლაძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ 20%-ს სწორედ ლილუაშვილი ფლობდა.
ლილუაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ჯიბლაძემ ვერ წარადგინა მისი მერიაში მუშაობის ან მუშაობის შემდეგ პერიოდში ლობირებით გაცემული სამშენებლო ნებართვები. სუს-ის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ მერიაში მუშობისას სამშენებლო ნებართვების გაცემას არ კურირებდა. ლაშა ჭელიძესთან “შორეული ნათესაობის” ფაქტს გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს.
ლილუაშვილის გარდა “სვეტის” დირექტორი სამშენებლო ბიზნესში ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ინტერესებზეც საუბრობს. ჯიბლაძე განმარტავს, რომ ყოფილი მერი “სვეტისგან” კონკრეტული მოცულობის მიწის გადაცემას ითხოვდა ამხანაგობისთვის, რომელშიც მისი ბიძაშვილიც შედიოდა.
გივი ჯიბლაძე თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კალაძის მოსვლის შემდეგ მას მოსთხოვეს, საკუთრება დაეზღვია სადაზღვევო კომპანია უნისონში. ამის მიზეზად სვეტის დირექტორი ამ კომპანიაში კახა კალაძის ინტერესებს ასახელებს. ნარმანია და კალაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ერთ-ერთ დირექტორთან, გივი ჯიბლაძესთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერეს. 5 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ გივი ჯიბლაძესა და კომპანიის მეორე დირექტორს პატიმრობა შეუფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, დირექტორი – გივი ჯიბლაძე, 3 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ თაღლითობას, კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავება.
უწყება აცხადებს, რომ გამოძიება კომპანია “სვეტის” მენაშენეთა განცხადების საფუძველზე დაიწყო, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეთა თანხებს და კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ გააჩნდა.