ახალი ამბები

შტაინმაიერი საქართველოს EU–ში გაწევრიანებაზე: დღეს ვერ განვსაზღვრავთ, რა მოხდება 20 წელიწადში

24 აპრილი, 2014 • • 996
შტაინმაიერი საქართველოს EU–ში გაწევრიანებაზე: დღეს ვერ განვსაზღვრავთ, რა მოხდება 20 წელიწადში

გერმანელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი ივნისის მიწურულს აუცილებლად მოეწერება:

 

“ორი კვირის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა ბერლინში.  ახლა გავაგრძელეთ ჩვენი დიალოგი, ასევე საქრთველოს პრემიერ–მინისტრი ჩამობრძანდება ბერლინში. ეს არის ცალსახა ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები  ძალიან დიდი ნდობით სარგებლობენ ერთმანეთის მიმართ და ასე იქნება მომავალშიც. მე საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, აქ ვიყავი წლების წინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდით. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა მე ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უკანსკნელ წლებში ძალიან ბევრი რამ შეცვლილა აქ, არა მხოლოდ ქალაქი, არა მხოლოდ აღჭურვილობა და ინტერიერი, ასევე ბევრი რამ განახლდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც: განხორციელდა სამართლებრივი რეფორმა, მმართველობის რეფორმა, კორფუციის დაძლევა. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ამ ზაფხულს ოფიციალურად გავაფორმებთ, ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერით დასრულდება. ეს ნამდვილად მოხდება, არანაირი ეჭვი ამაში არ არსებობს და აბსოლუტურად დარწმნებული ვარ, რომ ივნისის მიწურულს ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება. ეს ქართლ–გერმანული ურთიერთბების ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. იმავდროულად, ჩვენ გვინდა, რომ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების დანერგვასა და იმპლემტენაციაზე მივმართოთ ძალისხმევა”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

შტაინმაიერი
შტაინმაიერი

 

იგი ასევე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე დაძაბულ პროცესებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს მომენტი განსაკუთრებით აწუხებთ, რაც სრულიად გასაგებია:

 

“ჩვენ კიევის ხელისუფლებას ვუყენებთ მოთხოვნას, რომ შესრულდეს ის ყველაფერი, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ჭრილშია შეთანხმებული, მათ შორის არალეგალური დაჯგუფებების განიარაღება… თუმცა მოთხოვნები არის რუსეთის მიმართაც, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსულენოვან უმცირესობას მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს. მათ მიერ დაკავებული შენობა–ნაგებობები და მოედნები [უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში] უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ რუსეთთან კონფრონტაცია არავის სურს:

 

“ჩვენ გვინდა თანამშრომლობა რუსეთთან და ყოველთვის ვეტყვით კრემლს, რომ ასოცირების შეთანხმება არის არა ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ეს არის საქრთველოს თავისუფალი არჩევანი, რათა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაღრმავდეს”.

 

პრესკონფერენციაზე შტაინმაიერს დაუსვეს შეკითხვა, ნიშნავს თუ არა ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით დასრულება იმას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, რაზეც მან ასე უპასუხა:

 

“რა მოხდება 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ, ამას ჩვენ დღეს ვერ განვსაზღვრავთ”, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი