“ქართული ოცნების” დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა და აქტივისტებმა პარტია დატოვეს და “ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ” – ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს, 14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, პარტიას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე რუსთავში, გარდაბანში, წალკასა და მარნეულში მდებარე “ქართული ოცნების” შტაბებში მუშაობდნენ მუშაობდნენ. უგულავას თქმით, მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელსაც მმართველმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
“ჩვენ გაგვაერთიანა საქართველოს მომავლის რწმენამ. სწორედ ამ კუთხით, სალომე ზურაბიშვილი არის – კანდიდატი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” დაუჭირა მხარი – არის წითელი ხაზი ალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც “ქართულ ოცნებას” უჭერდა მხარს ან “ქართულ ოცნებაში” მუშაობდა”, – განაცხადა მან.
ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც აცხადებს, რომ არცერთი ის პირი, რომლებიც ბრიფინგზე უგულავასთან ერთად იმყოფებოდნენ, “ოცნების” წევრები არ იყვნენ.
„არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების“ წევრი დღეს არ არის. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო შეხებაში „ქართულ ოცნებასთან.“ რამდენიმე მათგანი იყო და აქედან ერთ-ერთი, პრაქტიკულად დაზუსტებული ინფორმაციით, მაგრამ კიდევ ვაზუსტებთ, იყო სხვა პარტიის კანდიდატიც კი, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ უგულავა და „ევროპული საქართველო“ გაეხვევიან სერიოზულ სკანდალში. ეს, ალბათ ხვდებით, რის გადასაფარად ხდება, იმის გადასაფარად, რომ მათ გაურბიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი წევრები”, – აღნიშნა მდინარაძემ.