ნეტგაზეთი | აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სომხეთის ჯაშუშობისთვისაა ბრალდებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სომხეთის ჯაშუშობისთვისაა ბრალდებული – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სომხეთის ჯაშუშობისთვისაა ბრალდებული

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს და სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი. მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

2010 წლის აგვისტოდან მირკადიროვი თურქეთიდან ამზადებდა რეპორტაჟებს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთისთვის “Ayna” (“სარკე”).

 

მას ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდების მიხედვით, მირკადიროვი რამდენჯერმე შეხვდა სომხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და ასრულებდა მათ ბრძანებებს, აძლევდა მათ ინფორმაციას, ფოტოებს, აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სქემებს და ამ გზით მტრულ საქმიანობას ახორციელებდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

 

მირკადიროვი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

 

მისმა ადვოკატმა ფუად აგაევმა განაცხადა, რომ მირკადიროვს ბრალი ლაურა ბაგდასარიანთან ურთიერთოების გამო წაუყენეს. ლაურა ბაგდასარიანი სომხეთის კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორია. ბაგდასარიანმა “Arminfo”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2005 წლიდან თანამშრომლობს “ბაქოს მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტთან” სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჩვეულებრივ სამუშაო ფორმატში, რაც შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის:

 

“რაუფი იყო ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ის მონაწილეობდა ინტერნეტ-კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ჩვენს ვებ-გვერდზე – publicdialogues.info. თუკი აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ იცოდა “მირკადიროვის ჯაშუშური კავშირებისა და საქმიანობის შესახებ სომხებთან 2008-09 წლებში, მაშინ ბაქოში რატომ დაიწყეს ამ საქმიანობის გამოძიება 2014 წელს?” – ასეთი შეკითხვა დასვა ბაგდასარიანმა Arminfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაუფ მირკადიროვი, ფოტო: რადიო თავისუფლება
რაუფ მირკადიროვი, ფოტო: რადიო თავისუფლება

 

ელჩინ შიხლი, გაზეთ “Ayna”-ს (სარკე) მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ყოველთვის დაუჭერს მხარს მირკადიროვს:

 

“არ მჯერა, რომ ის ჯაშუშია. ჩვენი გაზეთი მას მხარს დაუჭერს”.

 

უფლებადამცველების ჯგუფი თხოვნით მიმართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პირად კონტროლზე აიყვანოს “მირკადიროვის საქმე”, რათა მოხდეს საქმის სამართლიანად გამოძიება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სეიმურ კაზიმოვი