ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიის მოვლენები – ცხარე განხილვის თემა ყარაბაღში

23 აპრილი, 2014 • • 1559
სირიის მოვლენები – ცხარე განხილვის თემა ყარაბაღში
აქტიურად განიხილება არა მხოლოდ სირიაში ამჟამად არსებული ვითარება, არამედ ყარაბაღის მხრიდან ქესაბელების დახმარების შესაძლებლობა. ყარაბაღელებს, რომლებმაც არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადეს ომი, არ ჭირდებათ იმის ახსნა, რა შედეგი მოაქვს ომს, ვინ არიან ლტოლვილები და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მოქალაქეები ომის შემდგომ პერიოდში. ქესაბში განვითარებულ მოვლენებს იქ მცხოვრები სომხების ევაკუაციასთან დაკავშირებით მყისიერად გამოეხმაურნენ ყარაბაღში, რომლებიც თვლიან, რომ აუცილებელია ქესაბელი სომხებისთვის დახმარების გაწევა.
ანაიტ დანიელიანი
ანაიტ დანიელიანი

 

თავდაპირველად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა იმ ქესაბელების მისაღებად, რომლებიც მოისურვებენ ყარაბაღში დასახლებას:

“მიზანშეწონილი იქნებოდა, სირიაში მცხოვრებმა სომხებმა  შეინარჩუნონ სომხური სათვისტომო ამ ქვეყანაში, მაგრამ თუკი ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყარაბაღი მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მათ და შეუქმნას საცხოვრებელი პირობები,” – განაცხადა მან.

ამის შემდეგ გახმიანდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატის, გადრუტის პირველი თავდაცვითი რაიონის ბატალიონის ყოფილი მეთაურის, ვაგან ბადასიანის განცხადება ქესაბში მცხოვრები სომხების დასახმარებლად შეიარაღებული ჯგუფის შექმნის შესახებ. ამას მოჰყვა ზოგიერთ მედიასაშუალებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს “სირიაში გაიგზავნა მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების დანაყოფები”.

არა არუთუნიანი, ფოტო: 1in.am
არა არუთუნიანი, ფოტო: 1in.am

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არა არუთუნიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ქესაბში მცხოვრები სომხების მხარდასაჭერად შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საჭიროება, თუმცა ასეთი საჭიროების შემთხვევაში, ყარაბაღში მზად არიან მათ დახმარება გაუწიონ.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არწახის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ფარგევ მარტიროსიანი ამბობს, რომ არწახში არც ერთი ახალგაზრდა არ იტყვის უარს გაემგზავროს სირიაში სომხური თემის დასახმარებლად: “მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი უფლება და მზაობა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სომხებს ყველგან, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ”.

“დღეს ჩვენ მზად ვართ აღმოვუჩინოთ მატერიალური და სულიერი დახმარება სირიის სომხებს”, – აცხადებს დავით იშხანიანი, პარტია “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნის” ყარაბაღის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თავისი ერთი თვის ხელფასი – 272 960 სომხური დრამი (დაახლოებით 1150 ლარი) გადარიცხა ქესაბში მცხოვრები სომხების დახმარების ანგარიშზე და ყველას მოუწოდა, შესაძლებლობის ფარგლებში მათ დაეხმარონ.

სირიაში მცხოვრები თანამემამულეების დახმარებაზე დღეს ყარაბაღში არა მხოლოდ პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ქესაბის მოვლენები არა სირიის, არამედ სომხეთის წინააღმდეგაა მიმართული.

საქმე ის არის, რომ ყარაბაღელების ნაწილს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, თუ სინამდვილეში რა ხდება სირიაში. მეორე ნაწილი კი მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას ფლობს, რასაც რუსეთის ტელევიზიები გადასცემენ, რომლებიც, საიდუმლო არ არის, რომ ყარაბაღში “პატივსაცემად” ითვლებიან. აქ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას რუსეთის ტელეარხებიდან იღებს, რომლებიც ცდილობენ ქესაბში განვითარებული მოვლენები წარმოაჩინონ, როგორც სომხური მოსახლეობის გენოციდი.

შედარებით უფრო განსხვავდება იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებენ, თუმცა მთლიანობაში ჭარბობს მოსაზრება, რომ ყველაფერში თურქეთია დამნაშავე.

მაგალითად, მთავარეპისკოპოსი ფარგევ მარტიროსიანი მიიჩნევს, რომ თურქეთში განხორციელებული გენოციდიდან 99 წლის შემდეგ იგივე განმეორდა ქესაბში მცხოვრები სომხების მიმართ: “ქესაბის სომხები 21-ე საუკუნეში მესამედ გახდნენ ლტოლვილები. ეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ პროგრესულ კაცობრიობას უნდა აღელვებდეს”.

მთავარეპისკოპოსი ფარგევ მარტიროსიანი, ფოტო: novostink.ru
მთავარეპისკოპოსი ფარგევ მარტიროსიანი, ფოტო: novostink.ru

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, გრძელდება თურქეთის ანტისომხური პოლიტიკა, რომელიც უკვე გამოვლინდა სირიის სომხური მოსახლეობის მიმართ: “ნაცნობი ხელწერაა: თურქული მხარე ცდილობს დივერსიის გზით ფიზიკურად გაანადგუროს და მოახდინოს სირიაში სომხური თემის დეპორტაცია”.

ყარაბაღში მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი ვარაუდობს, რომ სირიის კრიზისის პირველივე დღეებიდან ჩანს, რომ თურქეთი სიტუაციის დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორის როლშია:

“საიდუმლო არ არის, რომ ისლამისტების ნაწილი და ბანდიტური ფორმირებები, რომლებიც გამოდიან ასადის წინააღმდეგ, მომზადებას გადიან თურქეთის ტერიტორიაზე და ფინანსდებიან თურქული ორგანიზაციებიდან. ძალიან ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ქესაბის მოვლენების უკან ერდოღანის ხელისუფლება დგას. ისევე, როგორც თითქმის 100 წლის წინათ, ახლაც სხვადასხვა ძალოვანმა ცენტრებმა არათუ გაწიეს რაიმე მცდელობა მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, არამედ გამოიყენეს და იყენებენ სომხების უბედურებას საკუთარი ინტერესებისთვის”.

“ქესაბის მოვლენები აჩვენებს, რომ თურქეთის პოლიტიკა არ იცვლება. ის, რაც თურქეთში 100 წლის წინათ მოხდა, ახლა სირიაში სხვა საფარით მეორდება,” – განაცხადა აშოტ გულიანმა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ არ განმეორდება ის, რაც 25 წლის წინათ მოხდა აზერბაიჯანში, რადგან ეს სახელმწიფო თურქეთის პოლიტიკის მატარებელი და გამგრძელებელია.

 

შედარებით განსხვავებულად ფიქრობს დავით იშხანიანი: “მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია უკრაინა-ყირიმი-დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი პროცესებით, რითაც, ცხადია, ისარგებლა თურქეთმა”.  ისე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა სომხეთსა და ყარაბაღში, იშხანიანი მომხრეა, რომ სირიის სომხებმა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი და არ უნდა იქცნენ კონფლიქტის მხარედ.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების ფრაქციებმა და დეპუტატების ჯგუფმა ქესაბის მოვლენებზე განცხადება გაავრცელეს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამახვილებენ ქესაბში სომხების დაბრუნების აუცილებლობაზე და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, გამოხატავენ რწმენას, რომ ამ ქვეყნის მომავალს გადაწყვეტს ადგილობრივი მოსახლეობა – სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქეები, რომელთა შორის არიან ეროვნებით სომხები.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი