ახალი ამბები

თბილისის მერია: თითოეულ ეკლესიას 10 ათას ლარს ამ ეტაპზე ვერ გამოვუყოფთ

22 აპრილი, 2014 • • 1093
თბილისის მერია: თითოეულ ეკლესიას 10 ათას ლარს ამ ეტაპზე ვერ გამოვუყოფთ

 

“თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისათვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს და ამასთან, მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რამეთუ მოქმედი კანომდებლობა ზღუდავს არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1542462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735000 ლარი. თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

თბილისის სარებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, მოთხოვნის შემთხვევაში, 10 ათასი ლარი მიეცემათ.  აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ ბიუროს სხდომაზე 14 აპრილს მიიღო, ერთი დღით ადრე, ვიდრე საარჩევნო კოდექსის ის მუხლი ამოქმედდებოდა, რომელიც არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას ზღუდავს.  საკრებულოს განცხადებით, აღნიშნული თანხა თბილისში მდებარე ეკლესიებმა, მათ შორის სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარმა, ანჩისხატისა და ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიებმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სხვა მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. ეკლესიები იმ შემთხვევაში მიიღებენ ფულს თბილისის ბიიუჯეტიდან, თუ ისინი რაიონულ გამგეობებს წერილობით მიმართავენ. თბილისის საკრებულო განმარტავს, რომ ასეთი სულ 142 ეკლესიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი