ახალი ამბები

ჟენევაში საქართველოს დელეგაციას ზალკალიანის ახალი მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

12 ოქტომბერი, 2018 •
ჟენევაში საქართველოს დელეგაციას ზალკალიანის ახალი მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარსალიას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ, ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. 2004-2006 წლებში ლაშა დარსალია მუშაობდა ბრიტანული ორგანიზაციის “ლონდონის საინფორმაციო ცენტრის კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ” კავკასიის ოფისში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო 2002-2004 წლებში ანალიტიკოსად – ლონდონის საინფორმაციო ცენტრში.

ლაშა დარსალიას ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს, ასევე, ესსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს.

ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 15 ოქტომბრიდან შეუდგება. ის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩაანაცვლებს დავით დონდუას, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი