ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ

12 ოქტომბერი, 2018 • 2162
პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ

გთავაზობთ, პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის ხედვებს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

კითხვა შემდეგი ფორმულირებით იყო დასმული – “გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”:

დავით ბაქრაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, “ევროპული საქართველო” ზრუნავს მისი სტრუქტურული ერთეულის – ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე.

ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, მოხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე, როგორც არაერთი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არამხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გრიგოლ ვაშაძე

აუცილებელია პოლიტიკაში ქალთა გააქტიურება. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტს სწორედ ქალები შეადგენენ. მათი ხმა კი საკმარისად არ ისმის, რასაც ადასტურებს ქალთა წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელი საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო გამოცდილება. უნდა ვიზრუნოთ, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს გენდერული თანასწორობის საკითხი. გამოყენებული უნდა იყოს ყველა ბერკეტი პოლიტიკურ დონეებზე გენდერულ საკითხებზე დისკუსიისთვის. საჭიროა ქალთა პოლიტიკური აქტიურობისკენ მიმართული ნაბიჯების ლობირება.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში თანაბრად უნდა იქნეს მიმართული საპრეზიდენტო ფონდიდან თუ სხვა წყაროებიდან რესურსები გენდერულად სენსიტიური საკითხების შესახებ შემეცნებითი პროგრამების ჩატარებისათვის და ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისათვის.

შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკაში თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, ვისაც სურვილი და მიდრეკილება აქვს ამ სფეროსკენ.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.

დავით უსუფაშვილი

ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ მჯეროდა, რომ ქალთა უფლებების საკითხი, ზოგადად, და მათი სრულფასოვანი პოლიტიკური თანამონაწილეობა, კონკრეტულად, სპეციალურ საკანონმდებლო-ადმინისტრაციულ ზომებს არ საჭიროებდა და „ცხოვრებას ეს თავისთავად მოჰქონდა“. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც აშკარაა თითქოს უკვე გადახდილი ღირებულებითი ბრძოლების განახლება, თითქოს უკვე მიღწეული კონსენსუსების დარღვევა, თითქოს უკვე სრულად და ყველას მიერ უარყოფილი სოციალური მოდელებისკენ შებრუნება.

ამ ტენდენციებმა ცუდ დროს მოუსწრო პატრიარქალურ-კომუნისტური წიაღიდან გამოსვლის პროცესში მყოფ ქართულ საზოგადოებას, ზოგი უკვე მორყეული სტერეოტიპი კიდევ უფრო გაამყარა და საჭირო გახადა მათ გადასალახად კონკრეტული ზომების მიღება. უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში გავრცელებული, უსაფუძვლო წარმოდგენები და ტენდენციები, რათა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ქალებისთვისაც ისეთივე ბუნებრივი გახდეს, როგორც ეს დღემდეა კაცებისთვის.

ამიტომ, ბოლო წლებში მხარს ვუჭერდი და ვუჭერ ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის სპეციალურ ზომებს და კვოტებს. საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტები მაქსიმალურად უნდა აისახოს და არა მინიმალურ-სიმბოლურად (მაგალითად, მეტი დაფინანსება მეტი ქალი კანდიდატის გამო). მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული მამაკაცური პროფესიების დაწესებულებებსა და ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის ზრდა. მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის თანაბრად დაკისრება მამაკაცებისა და ქალებისათვის, ოღონდ, იმ მოდელით, რაც თავდაცვის ორგანიზაციის სეგმენტშია აღწერილი.

პრეზიდენტის მიერ ამ საკითხში მაღალი და მისაბაძი სტანდარტის დასამკვიდრებლად, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ქალების და მამკაცების თანაბარი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება არა „ზედა ეშელონებში ბევრი კაცით და ქვედა ეშელონებში ბევრი ქალით“, არამედ „ყველა ეშელონში თანაბარი წარმომადგენლობით“.

ზურაბ ჯაფარიძე

ყველა ადამიანი თანასწორია და, შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ.


აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მულტიპარტიური დემოკრატიისთვის (ECMD)  პროექტის ფარგლებში Prezidenti.ge-ზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ნაწილის მიერ შევსებული კითხვარის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ აქტუალურ მიმართულებებზე მათ პოზიციებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ვებ-გვერდის მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებას გააცნოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე ორიენტირებული, ინფორმირებული პოლიტიკური დისკუსია.

შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვედზე განსათავსებლად საქართველოს პრეზიდენტობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლო, რომელიც მონაწილეობას იღებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა საშუალებებით.

აღნიშნულ პროექტს EECMD 2013 წლიდან ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი