ახალი ამბები

გადაცემა P.S–ში გასული სიუჟეტის გამო “რუსთავი 2″–ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივიან

22 აპრილი, 2014 • • 1706
გადაცემა P.S–ში გასული სიუჟეტის გამო “რუსთავი 2″–ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივიან

საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ზე 6 აპრილს გასულ სიუჟეტზე, რომელიც ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა გადაცემა “პოსტკრიპტუმისთვის” მოამზადა. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოხდა ფაქტების არასწორი ინტერპრეტირება, არასწორი კონტექსტუალიზაცია, რამაც გამოიწვია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

“სიუჟეტის დასაწყისში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ქემალ ცეცხლაძე საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რაც მრევლს ბათუმში არასაკმარისი სალოცავი სივრცის გამო ლოცვის მხრივ ექმნება, რასაც ქუჩაში პარასკევის ლოცვის ვიზუალური სცენაც ასახავს, მაგრამ სიუჟეტის მეორე ნაწილში ჟურნალისტი ავითარებს აზრს, თითქოს მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმების საჭიროება კი არ არის, არამედ მეზობელი სახელმწიფოს – თურქეთის მიერ თავსმოხვეული ვალდებულებაა. ამის საილუსტრაციოდ კი ჟურნალისტს მთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლის დაცარიელებული ჯუმა მოჰყავს. ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული ეს ბმა დაუსაბუთებელია, რადგან ბათუმში სალოცავი სივრცის ნაკლებობას მთიან აჭარაში ცარიელი სალოცავის არსებობა არანაირად არ აკომპენსირებს და ეს სხვა, სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღწერას მეტად უკავშირდება, ვიდრე მეჩეთის მშენებლობის თემას. ამ შემთხვევაში სახეზეა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33 (2) მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად,”მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში კადრებით და სინქრონით მანიპულირება მოხდა, რაც დაუშვებელია.

 

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სიუჟეტში ამბობს: “სოფლებში, სადაც ისლამი უფრო მყარია, ვიდრე ქალაქში, სწყინთ, რომ ძველი უნიკალური სალოცავები ინგრევა, ახლის აშენება კი ქართველ მუსლიმებს მეზობელი თურქეთის ინტერესების გამო სურთ”, – ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს დაუსაბუთებელი განზოგადებაა, რაც არა სოფლის მაცხოვრებლების, არამედ აკადემიური სფეროს ერთი წარმომადგენლის, რამაზ სურმანიძის აზრს ეფუძნება, რომლის კომენტარიც ჟურნალისტის ზემოთ მოყვანილ ტექსტს მოსდევს.

 

“ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 14 (9) მუხლი, რომლის თანახმად,”ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა, ვიზუალური ან აუდიომანიპულაციები, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა მაუწყებლის ქცევის კოდექსის კიდევ რამდენიმე მუხლი:

 

“დარღვეულია კოდექსის მე-13 (2) მუხლი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს, “მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება;” ასევე, 18(2) მუხლი: “პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს”. ვთვლით, რომ მთლიანობაში აღნიშნული სიუჟეტი არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექის 32 (1) მუხლს, რომლის თანახმად,”მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციები მოუწოდებენ  “რუსთავი 2”-ს, განიხილოს განცხადებაში მოყვანილი ქცევის კოდექის დარღვევის ფაქტები, ხოლო “პოსტ-სკრიპტუმის” რედაქციას, მომავალში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავსი მგრძნობიარე თემების გაშუქებისას და თავი აარიდოს სხვადასხვა მრწამსის საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი საკითხის მეზობელი სახელმწიფოს კონტექსტში განხილვას, რაც ინტეგრირების ნაცვლად მათ გაუცხოვებას უწყობს ხელს.

 

გადაცემა “პოსტკრიპტუმის” ავტორი და წამყვანი დავით კიკალიშვილი აცხადებს, რომ ისინი საჩივარს აუცილებლად განიხილავენ:

 

“რასაკვირველია, განვიხილავთ ამ საკითხს, როცა რაიმე პრეტენზიებია, “რუსთავი 2″ ყოველთვის ღიაა, გადავხედავთ და განვიხილავთ. რეპორტაჟს უნდა გადავხედოთ კარგად, საფუძვლიანად, ვნახოთ თავიდან და მერე შევხედავთ. რასაკვირველია, დაველაპარაკებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიჩივიან და გავარკვევთ რა იყო არასწორი მათი აზრით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დავით კიკალიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი