ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 18 აპრილს საყდრისზე, უშუალოდ ძეგლთან დაკავშირებული მუშაობა დაიწყო. აქციის მონაწილეები საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.
“ჩვენ სხვა მთიდან ავედით და გადავიღეთ კადრები, როგორ მიადგნენ უშუალოდ ძეგლს, რომლის ნაწილიც ჩამოშლილია. ეს რომ დავინახეთ, პატრული გამოვიძახეთ. 1 საათი არ მოსულან, შემდეგ კი მოვიდნენ არა პატრულის მანქანით, ერთ–ერთი პირი სამოქალაქო ფორმაში იყო და ვერ წარმოადგინა საბუთი, რომ პატრული იყო. ვთხოვეთ დაეფიქსირებინათ, რომ უკანონოდ მიდის მუშაობა ძეგლზე, გვითხრეს, რომ არ არიან ვალდებულები, რომ ეს შეამოწმონ. შემდეგ ჩვენ ჩვენების აღება მოვითხოვეთ, რაც არ გააკეთეს”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ნატუკა ვაწაძე.
19 აპრილს საყდრისში ვითარება დაიძაბა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ დაიკავეს ერთ-ერთი ბორცვი, რომელზეც RMG gold-ის წარმომდგენლებმა განუცხადეს, რომ აღნიშნული კომპანიის ტერიტორიაა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარმოადგინეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თეიმურაზ ქართლელიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს:
” როდესაც ვიკავაბდით ერთ-ერთ ბორცვს, იქ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კამერები როდესაც არ იყო, მაშინ. როდესაც კამერები მოვიდნენ და იკითხეს, რატომ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ განაცხადეს, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. მაშინ ჩვენგანაც, ვინც შეიგინა იმისი-მეთქი, მეც შევიგინე და ხელი დამარტყა, ოღონდ ვერ დავადგინე, ვინ იყო”.- ამბობს თეიმურაზ ქართლელიშვილი.
მისივე თქმით, ადგილზე მყოფმა დაცვის პოლიციამ განმუხტა სიტუაცია.
დღევანდელი აქციის ჩატარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ტელევიზიაში მისვლას უკავშირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოდიშარია “მოამბის” სტუმარი უნდა ყოფილიყო. იგი გადაცემაში მონაწილეობას ჯერ კიდევ ოთხშაბათს დათანხდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და მიზეზად საქმიანი შეხვედრა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საყდრისში, რომელიც წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაში შედის, მდებარეობს საყდრისის ობიექტი, რომელიც მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით არის უძვლესი ოქროს მაღარო. საყდრისის ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისამდე ჰქონდა. 2014 წლის 13 მარტს კულტურის სამინისტრომ RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. სამინისტროს გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინაააღმდეგება და პერმანენტულ აქციებს მართავს.










