ჟურნალისტების ნაწილის შეფასებით, დაირღვა მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, ასევე,  თავად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქცევის კოდექსი. მათი განცხადებით, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” განმარტება უნდა გააკეთოს და მისი ეთერით გახმოვანებულ განცხადებას უნდა გაემიჯნოს. 

 

ტრანსლაციის განმავლობაში, დეკანოზმა ისაუბრა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომლის ფარგლებშიც, ჰომოფობიური განცხადებების გარდა, ხელისუფლებასაც მიმართა, ” რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება იმ სახით, როგორიც დღესაა წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში”.

 

“ბოლო პერიოდში, ადგილი აქვს ერთ-ერთი კანონის განხილვას პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე. ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამ კანონის შესახებ განსაკუთრებული ვნებათაღელვაა ატეხილი. რა თქმა უნდა, ეს ეკლესიიას ეხება, მართლმადიდებელ ერს ეხება, ამიტომაც ეკლესიამ თავის პოზიცია თქვა. ცნობილია ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის პოზიცია; ჩვენი ეპისქოპატის პოზიცია. იქ საუბარია იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობები უნდა გათანაბრდენენ ეროვნულ, რელიგიურ თუ სხვადასხვა უმცირესობებთან და ამ ე.წ სექსუალურ უმცირესობებს, ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ისინი იკავებდნენ თანამდებობებს ისეთ საკვანძო და მნიშვნელოვან დაწესებულებებში, თუნდაც როგორიცაა სკოლა და საბავშვო ბაღი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ეკლესია თავის პოზიციას აფიქსირება და ჩვენ აქედან, მაცხოვრის წმინდა საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის მომლოდინე მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტარებს, რომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება არ უნდა მოხდეს. ეს იქნება იმ სწავლების და ტრადიციის შეურაცხყოფა, რომელიც ამ ეკლესიას და ამ ერს აქვს. აუცილებლად ეს გამოიწვევს შეხლა-შემოხლას ერში. რომ აღარ შევიდეთ კონკრეტულ მუხლობრივ და პუნქტობრივ განსჯაში, რომელიც  შეგვიძლია, მაგრამ აქ არ არის ამის საშუალება და ადგილი, უბრალოდ, ჩვენ ვთხოვთ კანონმდებლებს, რომ ეს კანონი შესაბამისობაში მოყვანონ ქართულ და ქრისტიანულ სინამდვილესთან. 

 

თუკი ჩვენ ვისაუბრებთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე და ეს მხოლოდ მათი უფლებების დაცვა არ არის, ეს არის ჭარბი უფლებების მიცემა, ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი შვილების იმ პედაგოგებთან ან იმ სკოლის დირექტორებთან მიბარება, რომლებიც ასეთი ცხოვრების წესით იცხოვრებენ, რომელზე დიდი სიბილწეც არ არსებობს სამყაროში. ეს ბიბლიაში წერია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერთსქესიანი ადამიანების ერთად ყოფნას და ბილწ ურთიერთობას, არც ერთი სხვა ცოდვის გამო ისე არ დაუსჯია ადამიანი უფალს, როგორც ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები- გოგირდის წვიმით და ცეცხლით. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება იმ სახით, როგორიც დღესაა წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში. ვისი სურვილიც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერს ჰყავს თავისი ინიციატორები და ის ინიციატორები საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან და თავს გვახვევენ ამ კანონს, არავითარი ევროკავშირის და სხვა რომელიმე ორგანიზაციის პრინციპებით საკუთარი ტრადიციების და სარწმუნოების ნიველირება არ უნდა მოხდეს”- განაცხადა დეკანოზმა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა [სტილი დაცულია]. 

 

მაუწყებლის ქცევის კოდექსი არის დოკუმენტი, რომლის 33-ე მუხლში მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციებია შემუშავებული. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. 


გარდა აღნიშნულისა, არსებობს უშუალოდ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქცევის კოდექსი, რომლის  მიხედვითაც, გადაცემის ან რეპორტაჟის მომზადების დროს  დაუშვებელია უმცირესობათა დისკრიმინაცია რასის, სქესის, რელიგიური აღმსარებლობის,  პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურული და სოციალური  კუთვნილების, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის,  ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკისა ან ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით. 

 

ჟურნალისტისა და მედიაექსპერტის ზვიად ქორიძის შეფასებით, პირდაპირი ტრანსლაციის დროს დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი. ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწევს განცხადების გაკეთება, სადაც იგი გაემიჯნება პირდაპირი ეთერით სასულიერო პირის მიერ ნათქვამ განცხადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად იქცევა შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამქეზებლად. 

 

ზვიად ქორიძის თქმით, ის, რომ პირდაპირი ეთერი სასულიერო პირს მიჰყავდა, არხს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, მეტიც, მისი შეფასებით, არხმა საკუთარ პროდუქტად წარმოაჩინა კონკრეტული სასულიერო პირის გამოსვლა:

 

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პირი წარმოადგენდა არხის სარედაქციო პოლიტიკას. ის მარტო იჯდა ეთერში და საუბრობდა იმას, რაც სურდა. რა მანდატით სარგებლობდა ის, ვინ არის იგი ამ დროს, რა სტატუსი აქვს, ეს უნდა განმარტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და გააკეთოს განმარტება. ეს ჭირდება საზოგადოებას  და სჭირდება მაუწყებელს, რომ კიდევ უფრო არ შემცირდეს მის მიმართ არსებული ნდობა”- ამბობს ქორიძე. 

 

ჟურნალისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს კონტექსტზე, რომლის ფარგლებშიც სასულიერო პირმა ანტიდისკრიმინაციულ კაკნონზე ისაუბრა. ზვიად ქორიძის შეფასებით, აღდგომასთან დაკავშირებული ტრანსლაციის დროს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბარი როგორც მინიმუმ არარელევანტურია:

 

“როცა არაადეკვატურად ხდება თემის წამოჭრა, პრაქტიკულად გამიზნულად აღვივებ დისკრიმინაციას. არასწორია, როცა ვსაუბრობთ, რომ ეს კანონი ვინმეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, პირიქით, ეს კანონი იმისთვისაა, რომ არავინ იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. სხვათა შორის, ის, რაც წერია ამ კანონში, წერია ჩვენს კონსტიტუციაშიც და ყველა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ამ თემაზე საუბარი აღდგომა დღეს, მსუბუქად თუ შევაფასებთ, არარელევანტურია, ხოლო უფრო ხისტად თუ ვიტყვით, პროვოკაციულია და ადამიანების სადღესასწაულო განწყობის სიძულვილის, აგრესიის და დისკრიმინაციისკენ მიმართვის მცდელობაა და ამას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს თავად საპატრიარქომაც”.-ამბობს ზვიად ქორიძე. 

 

ზვიად ქორიძის მსგავსად, ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის შეფასებითაც, ის, რომ სიტყვების ავტორი სასულიერო პირია, საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. თამარ რუხაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მის ეთერში გასული ციტატების გამო განმარტება უნდა გააკეთოს:

 

“იმაზე, რაც არხის ეთერში ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება არხს. შეიძლება პირდაპირი ეთერი ვერ შეეწყვიტა, მაგრამ რეაქცია უნდა ჰქონოდა. უნდა განემარტა, რომ იმას, რაც პირდაპირ ეთერში გავიდა, არ ეთანხმება, მით უფრო, როცა ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მის ქცევის კოდექსთან და საერთოდ მაუწყებლის ქცევის კოდექსთან. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს კი არ უნდა უწყობდეს ადამიანთა დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით, პირიქით, უნდა ეწინააღმდეგებოდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან, გადამხდელების ფულით, და იგი ეკუთვნის საზოგადოების ყველა ფენას და მას მაღალი ტოლერანტობის ვალდებულება აქვს”- განაცხადა რუხაძემ. 

 

ამ დროისთვის “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განმარტება არ გაუვრცელებია.  “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა არხის სამეურვეო საბჭოს წევრ გიორგი მელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რაიმე კომენტარს უშუალოდ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს. გიორგი მელაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დაინტერესებულია საკითხით, მიმართონ სამეურვეო საბჭოს, რომელიც საქმეს მსვლელობას მისცემს, რასაც საჯარო განხილვებიც მოჰყვება. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *