ახალი ამბები

ადგილობრივმა საბჭოებმა და მუდმივმოქმედმა კომისიამ 69 მსჯავრდებული გაათავისუფლა

19 აპრილი, 2014 •
ადგილობრივმა საბჭოებმა და მუდმივმოქმედმა კომისიამ 69 მსჯავრდებული გაათავისუფლა

კომისიის სხდომები 16, 17 და 18 აპრილს  გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 770-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. საბოლოო გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 პატიმარი დატოვებს, მათ შორის 7 ქალი.

 

“შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები”.- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების ინფორმაციით, 2012 წლის   ოქტომბრიდან  დღემდე  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2888 მსჯავრდებული გათავისუფლდა,  მათ შორის 325 ქალი და 46 არასრულწლოვანი. მაშინ, როდესაც 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ  841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის, 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი